მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე საქართველოში იმუნიზაციის ტემპში მცირედი პროგრესია, თუმცა კოვიდსტატისტიკა მაინც კრიტიკული რჩება. ბოლო 24 საათში კიდევ 62 ადამიანი გარდაიცვალა, 5 085 კი დაინფიცირდა.
მედიკოსები მოსახლეობას კვლავ აცრას და რეკომენდაციების დაცვას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეუქცევად პროცესებს პროგნოზირებენ.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 250 პაციენტია მოთავსებული. მათგან 40% ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის საწოლებზე მოდის.
"ინტენსიურ და რეანიმაციულ საწოლებს რაც შეეხება, გვაქვს მხოლოდ შიდა დამძიმებისთვის, ვერ ვიტყვით, რომ დიდი ფუფუნება გვაქვს ამ ტიპის პაციენტების მისაღებად. თერაპიულ საწოლებზე გვიწევს ძირითადად საშუალო სიმძიმის ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები, რაც ამ ვირუსის მიმდინარეობაზე მიგვითითებს," - აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე.
მედიკოსების განცხადებით, აღინიშნება პაციენტებში კოვიდის რთული და მწვავე კლინიკური მიმდინარეობა, რაც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას იწვევს.