27 აპრილი 2024,   07:47
ვრცლად
რუსული აგრესია და გაზრდილი სამხედრო წარმომადგენლობა რეგიონში - თემას ვაშინგტონში სპეციალური დისკუსია მიეძღვნა

რუსულ აგრესიას სპეციალური დისკუსია მიეძღვნა ვაშინგტონში. როგორ განვითარდება პროცესები რეგიონში იმ ფონზე როცა კრემლი უკრაინის საზღვართან სამხედრო წარმომადგენლობას ყოველდღიურად ზრდის? განხილვის მთავარი თემა სწორედ ეს საკითხი იყო

ექსპერტებმა, უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით ჩამოთვალეს ის რუსული სამხედრო ძალები, რომლებიც ამ დროისთვის უკრაინის გარშემოა განლაგებული. მათ რიცხვშია 115.000 სამხედრო მოსამსახურე, 1200 ტანკი, 1600 საარტილერიო სისტემა, 28 სარაკეტო დანადგარი, 330 თვითმფრინავი, 240 ვერტმფრენი, 75 გემი და 6 წყალქვეშა ნავი. ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინაში 7 წლიანმა ომმა ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა კრემლის სასარგებლოდ ვერ შეცვალა და მოსკოვს კიევის კიდევ ერთი დაშინების მცდელობა აქვს. მათი თქმით, პუტინი თვლის, რომ დასავლეთი ახლა სუსტია და მას გამოცდას უწყობს. ასევე ცდილობს მეტი დაათმობინოს, არა მხოლოდ უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით.

"პუტინი თვლის, რომ დასავლეთი სუსტია და ამას შეარჩენს. გამოცდას უწყობს დასავლეთს და უკრაინას და იგებს, რომ შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები ევროპაში მტკიცე პოზიციით არიან. გვიანი რეაქცია გვქონდა, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაცია ურყევი იყო. ვფიქრობ, მას ახლა იმედი აქვს, რომ დონბასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში უკრაინას ან შეერთებულ შტატებს რამეს დაათმობინებს. ჩვენ გვქონდა ყირიმი, რადგან სუსტები ვიყავით საქართველოში. გვქონდა დონბასი, რადგან სუსტები ვიყავით ყირიმში და ახლა სისუსტეს აღარ ვიჩენთ, რაც კარგია," - აცხადებს აშშ-ს ყოფილი ელჩი უკრაინაში ჯონ ჰერბსტი

"უკრაინული პრიზმის" უსაფრთხოების სწავლების დირექტორი ჰანა შელესტი კი მიიჩნევს, რომ რუსეთი ფსონებს წევს და მუქარა არა მხოლოდ უკრაინასა და საქართველოს, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის ყოფნასაც ეხება:

"რუსებმა ერთი ნაბიჯით წინ წაწევა გადაწყვიტეს. ახლა ისინი არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ნატოს გაფართოებაზე და აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის ყოფნაზე საუბრობენ. საკითხი მხოლოდ უკრაინას და საქართველოს აღარ ეხება. ყოველ ჯერზე, როდესაც ფსონების აწევა სურთ, ნაბიჯს წინ დგამენ. ახლა ჩვენ ამ კრიზისის ეტაპზე ვართ,"- განაცხადა ჰანა შელესტმა.

როგორ იმოქმედებს ეს ვითარება მთლიანად რეგიონზე და რამდენად დააზარალებს მის უსაფრთხოებას. ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა უსაფრთხოების საკითხებში თქვა, რომ ეს ვითარება ვერ შეაფერხებს დასავლეთის გეგმებს, უკრაინის, საქართველოს და ზოგადად შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაზე.

"არ ვფიქრობ, რომ ნატო უახლოეს მომავალში მისცემს უკრაინას და საქართველოს წევრობას, რადგან ევროპაში გარკვეული წინააღმდეგობაა, თუმცა არც ის მგონია, რომ ნატო უკან წაიღებს მის გეგმას, შავ ზღვაში ყოფნის შესახებ. საქართველომ ნახა გარკვეული გაძლიერება, როდესაც იქ თავდაცვის მდივანი ოსტინი ჩავიდა და შეახსენა ხალხს, რომ საქართველო, ისევე როგორც უკრაინა, რუსეთის აგრესიის პირობებში წინა ხაზზე მყოფი ქვეყანაა. ამ დროისთვის არ ჩანს, რომ რამე გეგმა იყოს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ქმედებაზე. უფრო მეტად, რუსეთი ცდილობს მისი კონტროლის გაზრდას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ცდილობს შეასუსტოს საქართველო და მისი ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან,"- აღნიშნა ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა რიჩარდ უეითზმა.

შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა მოსკოვი, რომ უკრაინაში აგრესიას სერიოზული შედეგები მოჰყვება, მათ შორის ეკონომიკური სანქციების სახით. ადმინისტრაციის გზავნილი ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვს სტოკჰოლმში გადასცა.

"საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მე ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, სერიოზული შედეგები მოჰყვება. მათ შორის, დიდი გავლენის მქონე ეკონომიკური ზომები, რომელთა გატარებისგან ადრე თავს ვიკავებდით. ვფიქრობ, მოსკოვმა ძალიან კარგად იცის, რა შეიძლება მოხდეს," - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

სპეციალისტების თქმით ვაშინგტონმა მეტი სამხედრო დახმარება უნდა გაუწიოს უკრაინას, გამოიყენოს სანქციების მექანიზმი და ასევე ევროპის, კონკრეტულად კი გერმანიის როლი, პოლიტიკური სოლიდარობისთვის. მათი თქმით, მოსკოვმა გერმანელებისგან მკაფიოდ უნდა მოისმინოს, რომ უკრაინაში სიტუაციას გაამწვავებს, ამას ბერლინთან ურთიერთობებიც გადაჰყვება.

დღის ამბები