27 აპრილი 2024,   03:19
ვრცლად
ომის ზღვარზე - დასავლური მედიის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე თებერვლის შუა რიცხვებში შეიჭრება 

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე თებერვლის შუა რიცხვებში შეიჭრება - ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ამ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. ოპერაციის დასაწყებად რუსეთს საჭირო სამხედრო ძალის 70% უკვე ადგილზე ჰყავს მობილიზებული და ეს პროცესი გრძელდება. ინტერვენციისთვის კრემლს 110-დან 130-მდე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი სჭირდება.

ქვეყნის თავდაცვის გასაძლიერებლად უკრაინაში შეერთებული შტატებიდან დახმარების მორიგი, მერვე ნაწილი ჩავიდა. საერთო ჯამში 22 იანვრიდან დღემდე ვაშინგტონმა კიევს 650 ტონაზე მეტი საბრძოლო მასალა გაუგზავნა. პარალელურად, ამერიკა და ნატო რუსეთს აფრთხილებენ, რომ ინტერვენციის შემთხვევაში მოსკოვს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.

წესრიგი ევროპაში დასავლეთის ნაბიჯებზეა დამოკიდებული. ამ განცხადებას შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი აკეთებს. ანატოლი ანტონოვი ამბობს, რომ ვაშინგტონი არსებული პრობლემების გადაფარვას უკრაინის საკითხით ცდილობს, რაც არასწორია.

უცხოურმა მედიამ თავდასხმის შემთხვევაში შესაძლო მსხვერპლიც გამოიანგარიშა. წინასწარი გათვლების მიხედვით, უკრაინა 25 000-მდე, ხოლო რუსეთი, 10 000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს დაკარგავს. მსხვერპლი იქნება მშვიდობიან მოსახლეობაშიც - დაახლოებით 50 000-სი. მოვლენათა განვითარების სწორედ ეს სცენარი გააპროტესტეს დღეს ხარკოვში. ქალაქში, რომელიც საზღვარზე გამაგრებული ათეულ ათასობით რუსი სამხედროებისგან მხოლოდ 40 კილომეტრით არის დაშორებული.

პოზიციების დაცვა გვიან ღამით საჭირო გახდა სოფელ პავლოპოლთან, რომელსაც საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინის გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 6-ჯერ დაარღვია. ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატებიც. სროლის შედეგად ორი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა. 

 

დღის ამბები