27 აპრილი 2024,   10:51
ვრცლად
რუსეთის თავდასხმის მოლოდინში - მსოფლიოს ქვეყნებმა უკრაინიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს

პირისპირ შეხვედრიდან 5 დღის შემდეგ საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ამჯერად სატელეფონო საუბარი გამართეს. დაძაბულობის განმუხტვა და დიალოგის გზა - ეს ვლადიმირ პუტინთან 2 საათიან საუბარში ემანუელ მაკრონის მთავარი გზავნილები იყო.

ვითარების ესკალაციის გამო დასავლეთი დიალოგის გარდა პრევენციულ ზომებსაც იღებს. ქვეყნების ნაწილს უკრაინიდან საკუთარი მოქალაქეები გაჰყავს. ერთ-ერთი პირველი დიდი ბრიტანეთია, სადაც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივნის მოადგილემ მოქალაქეები გააფრთხილა დაუყონებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ავღანეთის შემთხვევა განმეორდეს და საჭირო გახდეს სამხედრო ევაკუაცია.

დასავლეთის შეშფოთება უკრაინის საზღვარზე რუსი სამხედრო ძალების გაძლიერებამც გამოიწვია. ვითარების დეესკალაციის მიზნით ერთმანეთს მოსკოვში ბრიტანეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრები შეხვდნენ.

"თეთრი სახლი ისტერიკაშია - ბრიტანელებს კი ომი სურთ" - ასე აფასებენ დასავლეთის განცხადებებს რუსეთის საგარეო უწყებაში. მათ მოსალოდნელი შეჭრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, დეზინფორმაცია და პროვოკაცია უწოდეს.

მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც ხერსონის ოლქში იმყოფებოდა და იქ სამხედრო წვრთნებს ესწრებოდა. უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება რუსეთის აგრესიული ქმედებების საწინააღმდეგოდ ყველა ზომას იღებს.

ამ დროისთვის კი შავ ზღვაში 30-ზე მეტი რუსული გემი სამხედრო მანევრებს ასრულებს. ბოლო დღეებში მზარდი ესკალაციის ფონზე აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს NATO-ც და კრემლს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ აგრესია მას საკმაოდ ძვირი დაუჯდება. შესაბამის პასუხზე საუბრობს ევროკავშირიც, სადაც კრემლისთვის მკაცრი სანქციების პაკეტი უკვე მზადაა.

დღის ამბები