27 აპრილი 2024,   06:06
ვრცლად
რუსეთმა უკრაინის ქალაქ ახტირკიაში, ჟენევის კონვენციით აკრძალული ვაკუუმის ბომბები გამოიყენა

მე-5 დღეა, რაც უკრაინაში ომი მიდმინარეობს.  დაღუპულია 102 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინა გამოაქვეყნა გაერომ, თუმცა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აღიარებს, რომ რეალობა ამ რიცხვებს დიდი ალბათობით ბევრად აღემატება.

კიევი აცხადებს, რომ რუსულ ბომბებს უკვე 16 ბავშვი შეეწირა. მათი დიდი უმეტესობა გარდაცვლილია საჰაერო იერიშის, მძიმე არტილერიის და რეაქტიული სისტემების ცეცხლის შედეგად.

ბევრად დიდია დაღუპულთა რიცხვი სამხედროებს შორის. რუსეთს 5 ათასამდე დაჭრილი და გარდაცვლილი ჰყავს, თუმცა მოსკოვი ამ დრომდე არ აღიარებს ამ რეალობას. უკრაინელები უკვე რუსი ჯარისკაცების დედებს მიმართავენ, გაიტანონ თავიანთი შვილების ცხედრები, რადგან რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა უარს აცხადებს საკუთარ გვამებზე.

მხოლოდ ჟიტომირის ტრასაზე დღეს უკრაინამ რუსეთს 200 ერთეული სამხედრო ტექნიკა გაუნადგურა. უკრაინამ უკვე კარგად აითვისა თურქეთის უპილოტო აპარატი "ბაირაქტარი" და დრონებიდან ანადგურებს რუსულ სამხედრო კოლონებს.

კიევის გარდა, მძიმე ღამე ჰქონდა გუშინ ხარკოვს, რომელიც გრადის ტიპის ზალპური ცეცხლით განუწყვეტლივ იბომბებოდა.

დღესვე გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთმა უკრაინაში ქალაქ ახტირკიაში, ჟენევის კონვენციით აკრძალული ვაკუუმის ბომბები გამოიყენა.

ქალაქ ჩერნიგოვოში რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი 5 საცხოვრებელ სახლსა და ჰიპერმარკეტს მოეკიდა. უცნობია დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა.

სხვა ქალაქების მსგავსად, რუსეთის ავიაციამ საცხოვრებელ კორპუსში ჩამოაგდო ბომბი ქალაქ ბოროდიანკაში. უკრაინის რეგიონებში დაბომბეს სკოლები, საბავშვო ბაღები, ქალაქ ივანკოვში კი, იერიში მიიტანეს მუზეუმზე, რასაც მისი განადგურება მოჰყვა. 

უკრაინელები "კურიერს" იმ მძიმე ვითარებაზე უყვებიან, რაც მათ ქალაქებშია. ანდრეი კოვალენკო კიევში ცხოვრობს. ამბობს, რომ ყოველ 1 ან 2 საათში დედაქალაქში განგაშის სიგნალები ირთვება და თავის შეფარება სარდაფებში უწევთ. ის ამ დრომდე ვერ უკავშირდება საკუთარ ნათესავებს ხარკოვში. 

უკრაინის ხელისუფლება ინსტრუქციებს ყოველდღიურად ავრცელებს. ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მოსახლეობისთვის სპეციალური ფოტოები გაავრცელა, რომელზეც მტრის მანქანების დაუცველი წერტილებია მონიშნული. ამ ფოტოებით უწყება მოქალაქეებს ასწავლის, რუსული ტანკებისა და ჯავშანტექნიკის რა ნაწილებს უნდა დაუშინონ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რომ მტერი დააზიანონ.

უკრაინაში ომის დაწყებიდან ხუთი დღე გავიდა. ოკუპანტები თითქმის 24 საათიან რეჟიმში უტევენ ქალაქებსა და სოფლებს. იღუპება და ზარალდება ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. თავად უკრაინელები კი თავს იცავენ და მტერს ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ.

დიდი ადამიანური და ტექნიკური დანაკარგი აქვს რუსეთს, თუმცა ომზე უარს მაინც არ ამბობს და სახმელეთო და საავიაციო შეტევებს განაგრძობს. უკრაინელები ერთხმად ამბობენ, რომ ისინი მტერს არ დანებდებიან და სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

დღის ამბები