07 მაისი 2024,   16:40
ვრცლად
"თავისუფლება ტირანიაზე ყოველთვის გაიმარჯვებს" - ბაიდენი ქონების კონფისკაციით ემუქრება რუს ოლიგარქებსა და კორუმპირებულ ლიდერებს​

კონგრესში, პრეზიდენტის ტრადიციული, ყოველწლიური მიმართვის დროს, ჯო ბაიდენმა მოხსენების პირველი 11 წუთი უკრაინას დაუთმო და დასაწყისშივე განაცხადა, რომ თავისუფლება ტირანიაზე გაიმარჯვებს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინელების სიმამაცეს ამ ომში. ისაუბრა ალიანსის ერთიანობაზე და სანქციებზე, რომელსაც ამერიკა და საერთაშორისო თანამეგობრობა, რუსეთის რეჟიმს უკრაინაში ომის საპასუხოდ უწესებს.

"თავისუფლება ტირანიაზე ყოველთვის გაიმარჯვებს. პრეზიდენტ ზელენსკის, თითოეული უკრაინელის უშიშრობა, სიმამაცე და გამბედაობა, მსოფლიოს აღაფრთოვანებს. მოქალაქეთა ჯგუფები ტანკებს საკუთარი სხეულით ეღობებიან. სტუდენტები, პენსიონრები, მასწავლებლები, ყველა საკუთარი ქვეყნის დამცველ ჯარისკაცად იქცა. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, უძლიერეს ეკონომიკურ სანქციებს ვაწესებთ. საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან ვაძევებთ რუსეთის უდიდეს ბანკებს, არ ვაძლევთ ცენტრალურ ბანკს საშუალებას, რუბლი დაიცვას და პუტინის 630 მილიარდიან საომარ ფონდს ვაუფასურებთ. ვგუდავთ რუსეთის აქტივებს, მის წვდომას ტექნოლოგიებთან, რაც მრავალი წლით დაუსუსტებს ეკონომიკურ და სამხედრო ძალას," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის მიმართვის დროს, კონგრესში იმყოფებოდა უკრაინის ელჩი ოკსანა მარკაროვა, რომელიც პირველი ლედის გვერდით იჯდა. უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, დარბაზში მყოფი არაერთი კანონმდებელი უკრაინის დროშის ფერებში იყო ჩაცმული. ბაიდენმა თქვა, რომ პუტინი ახლა ისეა იზოლირებული მსოფლიოსგან, როგორც არასდროს. კონგრესშივე გამოაცხადა პრეზიდენტმა ადმინისტრაციის დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ, რუსული თვითმფრინავებისთვის ამერიკის საჰაერო სივრცის დახურვის თაობაზე, რაც კანადამ და ევროპის ქვეყნებმა უკვე გააკეთეს.

"დღეს ვეტყვი რუს ოლიგარქებს და კორუმპირებულ ლიდერებს, რომლებმაც ამ ძალადობრივი რეჟიმით მილიარდობით დოლარი მოიპარეს, ასე აღარ იქნება. იუსტიციის დეპარტამენტი აკომპლექტებს სპეციალურ ჯგუფს, რომელიც ოლიგარქების კრიმინალურ საქმიანობას გამოიძიებს. ევროპელ მოკავშირეებთან ერთად მოვძებნით და დავაყადაღებთ მათ იახტებს, მდიდრულ ბინებს და კერძო თვითმფრინავებს. დღეს საღამოს ვაცხადებ, რომ შევუერთდებით მოკავშირეებს და რუსეთის ყველა რეისისთვის, ამერიკის საჰაერო სივრცეს დავხურავთ, რათა შემდგომში მოვახდინოთ რუსეთის იზოლირება და მათი ეკონომიკა წნეხის ქვეშ მოვაქციოთ," - აღნიშნა ბაიდენმა.

პრეზიდენტმა კონგრესს უთხრა, რომ ამერიკა და მისი მოკავშირეები სტრატეგიული მარაგებიდან 60 მილიონ ბარელ ნავთობს გამოყოფენ. ადმინისტრაცია ამას საწვავის ფასის შესანარჩუნებლად აკეთებს. პრეზიდენტმა დღეს საკმაო დრო პანდემიაზე საუბარსაც დაუთმო და წარმოადგინა ინიციატივა სახელწოდებით "ტესტი საკმკურნალოდ". მისი თქმით, ამერიკელები შეძლებენ ტესტი აფთიაქებში გაიკეთონ და თუ მათ კოვიდი დაუდასტურდებათ, Pfizer-ის​ ანტივირუსულ წამალს იქვე, უფასოდ მიიღებენ.

"თუ COVID - 19 დაგემართებათ, Pfizer-ის აბი თქვენი ჰოსპიტალიზაციის შანსებს 90%-ით შეამცირებს. მე შევუკვეთე ყველაზე მეტი აბი, ვიდრე ვინმემ მსოფლიოში. Pfizer მუშაობს, რათა ამ თვეში მილიონი აბი მოგვცეს და ორჯერ მეტი მომავალ თვეში. ახლა კი ვამზადებთ ინიციატივას "ტესტი სამკურნალოდ". ხალხს შეეძლება აფთიაქში გატესტვა და თუ დადებითი აღმოჩნდება, ანტივირუსულ აბს ადგილზე უფასოდ მიიღებს," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ამერიკისთვის აქტუალურს სხვა თემებზე. სამუშაო ადგილები, ეკონომიკა, წამლებზე მაღალი ფასი, მათ შორის, სასიცოცხლოდ აუცილებელ ინსულინზე, საგადასახადო სისტემა, ინფრასტრუქტურული პროექტები - ეს არის იმ თემების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ბაიდენის მიმართვაში მოხვდა.

დღის ამბები