05 მაისი 2024,   10:18
ვრცლად
"ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა არაფერს ნიშნავს, ის არის საქართველოს მტერი" - ოპოზიცია პროცესს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს აკეთებს - კანდიდატის სტატუსის მისაღებად დოკუმენტს დღეს ოფიციალურად წარადგენენ. 

შესაბამისი ნაბიჯის გადადგმას ქვეყანა 2024 წელს გეგმავდა, თუმცა პროცესის დაჩქარება მსოფლიოში შეცვლილი ვითარების გამო გადაწყდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან საქართველო მეორე იქნება, ვინც დაჩქარებული წესით მიმართავს ევროკავშირს წევრობაზე. ორი დღით ადრე ეს უკრაინამ გააკეთა და უკვე მიიღო მხარდაჭერა ევროპარლამენტისგან.
 
ქართულ ოპოზიციურ სპექტრში აცხადებენ, რომ პროცესს მხარს უჭერენ, ამასთან, აღნიშნავენ რეფორმების გატარების აუცილებლობასაც. 
 
"სტრატეგია აღმაშენებელი":
 
 
"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროცესს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არ არის რომელიმე ერთი ხელისუფლების ან პარტიის დამსახურება, ეს არის საუკუნეების მანძილზე იმ ხალხის ბრძოლის დამსახურება, რომელსაც აგრძელებს ჩვენი თაობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მე ვხედავ, რომ დაწყებულია უკვე დაზიანება, ამბობენ, რომ ეს არაფერს ნიშნავს, რომ თურქეთი 1987 წლიდან წევრობის კანდიდატია და არაფერს არ ახდენს ეს, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის მხრიდან მოახდენს დამატებით პროვოცირებას, ვინც ასე საუბრობს, იცოდეთ, რომ არის საქართველოს მტერი," - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე. 
 
ფრაქცია "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი კი მიიჩნევს, რომ ახლა "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაც უნდა დაიწყოს, რეფორმების გატარების კუთხით. 
 
"იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს და ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დიახ, გვაქვს შანსი გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამას სჭირდება შესაბამისი პირობების დაკმაყოფილება, პირველ რიგში, რეფორმების თვალსაზრისით. სწორი იქნება, რომ მათ გააკეთონ განაცხადი, რომ ბრუნდებიან მიშელის შეთანხმებაში და აპირებენ, სასწრაფოდ გაატარონ ყველა ის რეფორმა, რაზეც შევთანხმდით მიშელის დოკუმენტის ფარგლებში, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს განაცხადი ძალიან დიდი ხნით დარჩება უბრალოდ ცარიელ განაცხადად," - აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

"ქართული ოცნების" წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, წინასწარ რაიმეს პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან მსგავსი ფორსმაჟორული სიტუაცია მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა. 
 
"ზუსტად იყო განმარტებული, რატომ არის საჭირო გეგმაზომიერი მუშაობა და როდესაც სიტუაცია იქმნება ისეთი, რომ შენს უსაფრთხოებას გარკვეული და მნიშვნელოვანი პრობლემები უჩნდება, რასაკვირველია, ევროკავშირის ქოლგა რაც შეიძლება ადრე უნდა გაიშალოს საქართველოს თავზე. ეს პრაქტიკა არ არსებობდა და, აქედან გამომდინარე, წინასწარ იმის თქმა, რამდენად იქნება ეს სწრაფად გაკეთებული, ძნელია. ასეთი ფორსმაჟორული და ტრაგიკული სიტუაცია მსოფლიოს წინაშე არ მდგარა. მუშაობა და ერთიანობაა საჭირო და არა ჩასაფრებით საუბარი, რასაც ჩვენი ოპონენტები მიმართავენ,"-აცხადებს ვოლსკი. 
დღის ამბები