05 მაისი 2024,   02:38
ვრცლად
რა შანსი აქვს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად - ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კეთდება

რა შანსი აქვს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად - დოკუმენტს დღეს ოფიციალურად წარადგენენ. შესაბამისი ნაბიჯის გადადგმას ქვეყანა 2024 წელს გეგმავდა, თუმცა პროცესის დაჩქარება მსოფლიოში შეცვლილი ვითარების გამო გადაწყდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბაჩო დოლიძის განცხადებით, ევროკავშირში შესვლა არა რომელიმე კონკრეტული პარტიის ამოცანა, არამედ მთელი საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის გაერთიანების მიზეზი უნდა იყოს.

"თუ ჩვენ შევძლებთ კონსოლიდაციას, პოლიტიკური პარტიები იქნება თუ საზოგადოება, ჩვენი მთავარი ამოცანა რა არის - რომ ქართული საქმე ვაკეთოთ, ანუ საერთო ინტერესები არის ერთი, რის გარშემოც აბსოლუტურად ყველა უნდა ვერთიანდებოდეთ, იმიტომ, რომ ევროკავშირში ამ ქვეყნის მოხვედრა ეს არ არის კონკრეტულად რომელიმე პარტიის ამოცანა და მიზანი, ეს არის მთლიანად ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. ევროკავშირში თუ გვინდა, ევროპულად უნდა მოვიქცეთ, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, ვაიძულოთ ეს ხელისუფლება, რომ მისი თითოეული მოქმედება იყოს ადეკვატური და აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტებს, რასაც ჩვენგან ითხოვს ევროკავშირი," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია საკითხს სკეპტიკურად უყურებს, რადგან მიიჩნევს, რომ ქვეყანა არ მოქცეულა შესაბამისად, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი დაჩქარებული წესით მიიღოს.

"სამწუხაროდ, მე არ ველოდები, რომ ეს იქნება რეალისტური, იქიდან გამომდინარე, რომ შემთხვევითობებზე ვართ დამოკიდებული ზედმეტად. ჩვენ სათანადოდ არ მოვქცეულვართ, რომ დაჩქარებული წესით ველოდებოდეთ ამ სტატუსის მიღებას. ერთადერთი, რაც ხელს გვიწყობს, არის ის, რომ დიდი ისტორია გვაქვს იმ ბოროტებასთან ბრძოლის, რა ბოროტებასთან ბრძოლის გამოც ახლა უკრაინა უნდა მიიღონ.

შესაბამისად, თუ უკრაინას ახლანდელი ბრძოლისთვის ეკუთვნის, ჩვენ დამსახურებისთვის გვეკუთვნის, ეს ერთადერთი შანსია, რითაც ჩვენ შეიძლება ეს მივიღოთ," - აცხადებს ხვიჩია.

"სტრატეგია აღმაშენებელი" კი ხელისუფლებას ურჩევს, 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებაში დაბრუნდეს და შარლ მიშელის დოკუმენტში ჩაწერილი დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას შეუდგეს.

"დიდი შრომა გველის, დიდი გზაა გასავლელი. გასაგებია, რომ ეს ერთ დღეში არ მოხდება, მაგრამ ეს არის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ ევროკავშირის, საჭიროა ვაკმაყოფილებდეთ იმ დემოკრატიულ კრიტერიუმებს, რაც აუცილებელია ევროკავშირის წევრობისთვის და აუცილებელია დემოკრატიული, ქმედითი რეფორმების განხორციელება. ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმების დღის წესრიგში და მოვუწოდებთ მთელ პოლიტიკურ სპექტრს, რომ ერთად დავდგეთ და ვიმუშაოთ ამ დღის წესრიგზე,"-აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები