02 მაისი 2024,   19:18
ვრცლად
უსაფრთხო საჰაერო ზონა უკრაინის თავზე არ იქნება - ალიანსისთვის ეს ევროპაში ფართომასშტაბიან ომს ნიშნავს

ნატომ კიევის თხოვნა კიდევ ერთხელ უარყო. უსაფრთხო საჰაერო ზონა უკრაინის თავზე არ იქნება. ალიანსისთვის ეს ევროპაში ფართომასშტაბიან ომს ნიშნავს. ალიანს ეშინია, რომ ნატოს ერთი მოერიშე თვითმფრინავის ჩამოგდებას შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი მოჰყვეს.

საგარეო საქმეთა საბჭოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პირველი დიპლომატები დღეს მარტო არ მისულან. საგანგებო შეხვედრაზე ოკეანის მიღმიდან აშშ-ისა და კანადის მინისტრები, ასევე "ბრექსიტის" შემდეგ პირველად - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც ჩავიდა. დისკუსიაში ჩაერთო ნატოს გენმდივანიც - ცივილიზებული სამყარო ერთად მსჯელობდა იმ პასუხზე, რომელიც პუტინს უნდა გასცენ უკრაინის, მასთან ერთად კი მთელი ევროპის უსაფრთხოების ხელყოფისთვის. 

მანამდე იყო საგანგებო შეხვედრა ნატოში. სადაც იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს, რომელსაც პუტინი განადგურებით ემუქრება. დმიტრო კულებამ ალიანსის წევრებს დისტანციურად მიმართა და სთხოვა ყველაფერი გააკეთონ, სანამ გვიანი არ იქნება. "დაგვეხმარეთ! " -ასეთი იყო კიევის მთავარი გზავნილი, რომელიც ახლა რუსეთთან მამაცი წინააღმდეგობით მთელი ევროპის საქმეს აკეთებს.

ნატო ხაზს უსვამს, რომ უკრაინის დახმარებას ქვეყანაში ჯარების გაგზავნით ან რუსეთისთვის არასაფრენი ზონის განსაზღვრით ვერ შეძლებს, რადგან ეს სტოლტენბერგის თქმით, ომში ჩაბმას ნიშნავს. ალიანსის ვალდებულება კი, გენმდივნის თქმით, წევრების უსაფრთხოებაა. ბრიუსელის პროგნოზები სულ უფრო და უფრო ცუდია, შესაბამისად უკვე დაიწყო საუბრები აღმოსავლეთით მყოფი არაწევრი პარტნიორების გაძლიერებაზე - მათ შორის საქართველოზე.

ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ დროს რუსეთის მეზობლების გაძლიერებას ინდივიდუალურ რეჟიმში ემხრობიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. ისინი კარგად აანალიზებენ, თუ სადამდე შეიძლება წავიდეს პუტინი. ამიტომ კიშინოვისა და თბილისის დახმარება, მათი თქმით, ახლა ამოცანად უნდა იქცეს.

პუტინის მოქმედებებმა დააფიქრა შვედეთი და ფინეთიც, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან და ასეთი აზრი წლებია არც მოსვლიათ. ვიდრე არ ნახეს, თუ რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ალიანსის კოლექტიური თავდაცვის მე-5 მუხლის მიღმა ყოფნა. ამიტომ შესაძლოა, მათ ბლოკის წევრობის საკითხს გადახედონ. ამას მოსკოვი წინასწარ ეწინააღმდეგება. 

ნატო და ევროკავშირი პარტნიორებთან ერთად განაგრძობენ რუსეთის შეკავების გზებზე მსჯელობას, მათ ახლა კრემლზე სანქციების მძიმე ეფექტის მოლოდინი აქვთ - პარალელურად კი კიევს ყველანაირ დახმარებას ჰპირდებიან, რომელიც საზღვრებს გარედან შეუძლიათ მიაწოდონ. რუსეთის დასუსტების გეგმა უკვე მე-9 დღეა ამოქმედებულია.

დღის ამბები