05 მაისი 2024,   10:09
ვრცლად
არ გავასაჯაროებ ინფორმაციას უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდების შესახებ, დარჩეს სიურპრიზად მტრისთვის - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

რუსეთმა უკრაინას შესთავაზა რამდენიმე ჰუმანიტარული დერეფანი, თუმცა წინადადება გულისხმობდა მის მიერ დაბომბილი ქალაქებიდან უკრაინელი მოსახლეობის მისსავე ან მოკავშირე ბელორუსის ტერიტორიაზე გაყვანას. ამ შეთავაზებას კიევმა ამორალური უწოდა და მასზე უარი თქვა.

"ტერორისტები სიტყვას არ ასრულებენ და ცდილობენ გმირი ქალაქი მარიუპოლი ჰუმანიტარული კრიზისით მოგუდონ. ქალაქის ხელმძღვანელობა აკეთებს ყველაფერ შესაძლებელსა და შეუძლებელსაც კი, რომ უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფნები, ეს მარტივი არ არის, რუსი ტერორისტები ხომ სიტყვას არ ასრულებენ. ისინი არ იცოდებენ ბავშვებს, ქალებსა და დაჭრილებსაც კი. ბომბავენ საცხოვრებელ კვარტლებს. ცეცხლს უხსნიან მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის დროს. ტურებიც კი არ იქცევიან ასე. დრო, როდესაც რუსული ჯარის წვეულები დაიწყებენ სარდაფებში დამალვას იმისთვის, რომ ისინი ომში არ გაგზავნონ, სწრაფად გვიახლოვდება. არ გავასაჯაროებ ინფორმაციას უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდების შესახებ - ეს დელიკატური საკითხია და დარჩეს სიურპრიზად მტრისთვის. იცოდეთ, ამ მიმართულებით სერიოზული პროგრესია. ჩვენ ასევე ვმუშაობთ პარტნიორებისგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიღების მიმართულებით, მაგრამ გამარჯვების რწმენას გვმატებს არა წარმოთქმული დაპირებები, არამედ უკრაინის საჰაერო ძალები," - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა.

გარდა ამისა, უკიდურესი დაძაბულობის ფონზე, მხარეები მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის ემზადებიან, რუსული დელეგაცია უკვე გზაშია და ბელორუსში მიდის.

პარალელურად, საოკუპაციო ძალები შეტევას განაგრძობენ, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაზე. ქალაქ ბელა ცერკოვში სარაკეტო თავდასხმების შედეგად 15 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, რომლებსაც მოხუცები და ბავშვები აფარებდნენ თავს. იერიშების პარალელურად უკრანული მხარე აცხადებს, რომ შეიარაღება იზრდება და უკრაინა დახმარებას მოკავშირეებისგან აქტიურად იღებს.

დღის ამბები