05 მაისი 2024,   06:34
ვრცლად
თქვენი გამართული რუსულით ნათქვამი, "ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მოვაშოროთ ეს მთავრობა", ლაპარაკობს რა დამოკიდებულება გაქვთ სამშობლოს მიმართ - შალვა პაპუაშვილი დეკანოიძეს

რუსულ ბაზარზე ქართული რძის ნაწარმის დაშვება პარლამენტში კამათის საფუძველი გახდა. ბიუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ უკრაინის რადას თავმჯდომარის რუსლან სტეფანჩუკის განცხადების ჩართვა სცადა, დეპუტატს სპიკერმა მიკროფონი გამოურთო. 

"ის, რაც ხდება, როდესაც საქართველო აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან კვების პროდუქტების შეტანასთან დაკავშირებით - ეს არის ეროვნული ინტერესების ღალატი," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხატია დეკანოიძეს მიმართა და მის მიერ გაცხადებული ფრაზა შეახსენა, სადაც დეკანოიძე ხელისუფლების ჩამოშლაზე საუბრობს.

"ჩვენ ვხედავთ პირდაპირ შტურმს, რომ მოხდეს საქართველოს ჩათრევა შეიარაღებულ კონფლიქტში და რაც შეგეხებათ თქვენ, ქალბატონო ხათუნა, ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი კოლეგების განცხადებაც მოვისმინეთ, თქვენი განცხადებაც მოვისმინეთ გამართულ რუსულად, სადაც თქვენ თქვით, რომ "ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მოვაშოროთ ეს მთავრობა". აი სანამ თქვენ ხართ დაკავებული იმით, რომ მოაშოროთ ამ ქვეყანას ეს ხელისუფლება, იქამდე, რა თქმა უნდა არაფერი არ გამოვა.

თქვენი გამართული რუსულით მსოფლიოსთვის ნათქვამი, რომ ხელისუფლების მოცილებით ხართ დაკავებული, ლაპარაკობს ყველაფერს საერთოდ თუ რა დამოკიდებულება გაქვთ საქართველოს, თქვენი პირველი სამშობლოს მიმართ, უკრაინის - თქვენი მეორე სამშობლოს მიმართ და საერთოდ ადამიანობის მიმართ, რითიც ხართ ახლა დაკავებული," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სხდომაზევე გაკეთდა განმარტებები სახელისუფლებო გუნდის მხრიდან. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი მხოლოდ ყურადღების მიქცევას ცდილობს.

"ვისაც რა ხოში გვაქვს ისე ვაკეთოთ პროცედურა და ისე ვიმუშაოთ, ეს ნორმალურად მიგაჩნიათ ვინმეს? სინამდვილეში თქვენ ახლა ცდილობთ უბრალოდ ყურადღების მისაქცევად სპექტაკლი დადგათ, მათ შორის ამისთვის იყენებთ რუსეთში თქვენთვის ყველაზე საჭირო დროს ჩამოწოდებულ, მაპატიეთ რუსული ჟარგონისთვის "პადაჩებს"," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები