27 აპრილი 2024,   06:44
ვრცლად
ზელენსკის პუტინთან შეხვედრა ისრაელში სურს, მანამდე კი ორი ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთთან ხვალ კიდევ ერთხელ ისაუბრებენ

უცვლელ ვითარებაში და შეცვლილი ფორმატით - დაპირისპირებული ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლებმა უკვე მეოთხეჯერ სცადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე, მეცხრამეტე დღეს, შესვენების გარეშე ესაუბრათ, ამჯერად უკვე ვირტუალურ ფორმატში.

დაპირისპირებული მხარეების პოზიციები ისეთივე დაშორებულია, როგორც დღევანდელი მოლაპარაკებების ფორმატი იყო. სამშვიდობო დიალოგმა ხვალამდე ტექნიკური პაუზა აიღო, დღეს ვერც ერთ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა დაწერა.

რუსული აგრესიის მსხვერპლი ქვეყნის მთავარი მომლაპარაკებლები ამბობენ, რომ რუსეთთან კომუნიკაცია მძიმეა, თუმცა დიალოგს მაინც აქვს აზრი. უცვლელია უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნები, შეწყდეს ცეცხლი და ყველა რუსმა ჯარისკაცმა უკრაინა დატოვოს. სწორედ ცეცხლის შეწყვეტა წინაპირობა ვოლოდიმირ ზელენსკის იმისათვის რომ ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.

რუსეთი რომ გაჩერებას არ, აპირებს ეს კრემლის პრესსპიკერმა დღესაც თქვა. პესკოვი აცხადებს, რომ ომი არ გაჩერდება მანამ, სანამ რუსეთის ხელისუფლების ყველა გეგმა დამტკიცებულ ვადებში არ შესრულდება. უცნობია, რა ვადებია მისაღები მოსკოვისთვის. დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინს კიევის შტურმზე ბრძანება ამ დრომდე არ აქვს გაცემული. რუსეთის ინტერესის სფერო კი, კვლავ უკრაინის ნეიტრალიტეტი და მისი ტერიტორიებია.

უკრაინის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს პუტინთან შესახვედრად. შერჩეული აქვს ადგილიც - ისრაელი. ზელენსკის შეფასებით, სამშვიდობო მოლაპარაკებები რთული იქნება, თუმცა უკრაინულმა მხარემ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მეტი გარანტიები უნდა მიიღოს.

ვლადიმირ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ამის შესახებ პუტინმა ერდოღანს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა. მევლუთ ჩავუშოღლუმ ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე პრესკონფერენციის დროს თქვა, რომ თურქეთი განაგრძობს ძალისხმევას, რომ უკრაინისა და რუსეთის ლიდერები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. თურქი დიპლომატი აცხადებს, რომ ანკარა არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს. ჩავუშუღლუს თქმით, ამ პოლიტიკური ნაბიჯით, მისი ქვეყნის ეკონომიკა დაზიანდება.

მანამდე კი, გასულ კვირას იყო შეხვედრა თურქეთში, სადაც ლავროვ-კულებას შორის აუდიენციაც უშედეგო აღმოჩნდა. იქამდე, 3 ასევე უშედეგო მოლაპარაკება ბელორუსში გაიმართა.

დღის ამბები