05 მაისი 2024,   01:38
ვრცლად
უმრავლესობა ოპოზიციისგან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სამართლებრივ არგუმენტაციას ელოდება

უმრავლესობა ოპოზიციის დამოკიდებულებას კვლავ მორიგ პოლიტიკურ მანიპულაციად აღიქვამს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება კანონპროექტის ორი კვირით გადადების შესახებ მათ პოზიციას კიდევ ერთხელ ნათელს ხდის. მმართველ გუნდის მოსაზრებით, ამ პერიოდში ოპოზიციას შეუძლია წარმოადგინოს სამართლებრივი არგუმენტაცია, თუ რატომ არ უნდა იყოს ცვლილებები მიღებული.

"კონსტიტუციამ უკვე გაწერა შესაბამისი შინაარსის ნორმა, როდესაც თუ დაობს ორი კონსტიტუციური ორგანო, მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე და ვერ წყვეტენ ამ დავას შეთანხმებით, მაშინ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს უკვე გაწერილია საქართველოს კონსტიტუციით, ჩვენ სიახლე არ შემოგვაქვს, თუმცა, ოპოზიციამ აქაც გამოიჩინა თავი და ასევე, ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და დაიწყეს სპეკულაციები. ეს არის სამწუხარო,"-აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

რა სამართლებრივ არგუმენტებს წარადგენენ ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით - მოსაზრებების ჩამოსაყალიბებლად კანონმდებლებს ორკვირიანი პერიოდი აქვთ. მანამდე კი ოპოზიცია ხელისუფლებას კიდევ ერთხელ სდებს ბრალს საკანონმდებლო ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობაში. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის უფლებამოსილების უხეშად შეკვეცას და ამ ყველაფრის განსხვავებულად წარმოჩენას ცდილობს.

 
დღის ამბები