05 მაისი 2024,   04:09
ვრცლად
შეეხება თუ არა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი ასლან აბაშიძეს, იგორ გიორგაძესა და ლევან მამალაძეს - რას ამბობს პროექტის ავტორი და რა შენიშვნები აქვს ოპოზიციას

დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს პარლამენტში "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვა - ოპოზიციისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გათავისუფლდნენ სასჯელისგან პირები, ვინც დანაშაული დანაშაული 2004 წლის პირველ იანვრამდე ჩაიდინეს.

ხელისუფლების ოპონენტების ვარაუდით, ეს პუნქტი ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდის მაღალჩინოსნებს შეეხებათ. ამ კონტექსტში ასლან აბაშიძე, იგორ გიორგაძე და ლევან მამალაძეს დასახელდა.

პროექტის ავტორი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი ირწმუნება, რომ ამნისტია აბაშიძესა და გიორგაძეზე არ ვრცელდება.

"ამ კარგ საკითხში, რატომ შეაკვეხეთ ცუდი საკითხი? ახლა ამბობთ რომ თურმე ასლან აბაშიძეს არ ეხება, იგორ გიორგაძეს არ ეხება. ხომ ეხებოდა, რომ არა საზოგადოების რეაგირება," - მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ მიხეილ სარჯველაძეს.

რაზეც თავის მხრივ, სარჯველაძემ გოცირიძის სიტყვებს "პოლიტიკური უსინდისობა" უწოდა.

"ტყუილს იძახით, ბატონი რომან, ეს არის პოლიტიკური უსინდისობა. თქვენ მიერ ნახსენებ გვარებთან მიმართებაში ეს ამნისტია პირველივე დღიდან არ ვრცელდება. ტყუილის ტირაჟირებას ცდილობთ და ვფიქრობ, რომ ამას შეგნებულად აკეთებთ," - განაცხადა სარჯველაძემ.

ამავე კონტექსტთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვა ოპოზიციონერ დეპუტატს ტარიელ ნაკაიძესაც.

"პირადად მე ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში არა ერთი პრობლემის წინაშე აღმოვჩენილვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამნისტია უფრო ჰუმანური აქტი იქნება, თუ ადამიანს, რომელიც, პრაქტიკულად, ქვეყნისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს, უფლება მივცეთ, ქვეყანაში მინიმუმ დაიკრძალოს და ამ მიწაზე მოკვდეს," - აღნიშნა ნაკაიძემ.

თავად პროექტის ავტორი, მიხეილ სარჯველაძე კვლავაც ირწმუნება, რომ ამნისტია ასლან აბაშიძესა და იგორ გიორგიძეზე არ ვრცელდება.

"თუმცა არის 2004 წლამდე ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულების კატეგორია და ძებნა შეიძლება 300 ადამიანის მიმართ შეწყდეს. თუ ამ დანაშაულთა წრეშია ლევან მამალაძე და მას რაიმე სხვა დანაშაული არა აქვს ჩადენილი, ის ამნისტირებული იქნება," - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის მეხუთე პუნქტის გათვალისწინებით, ამნისტიის აქტი 2004 წლის 1-ელ იანვრამდე ჩადენილ დანაშაულებზე ვრცელდება, თუმცა რიგი დანაშაულების შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან არ გათავისუფლდებიან. კერძოდ, ამნისტია არ გავრცელდება განზრახ მკვლელობაზე (მუხლი 108), განზრახ მკვლელობაზე დამამძიმებელ გარემოებაში (მუხლი 109), არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებზე (137-141, 253-255/2 მუხლები), წამებაზე (მუხლი 144/1), წამების მუქარაზე (მუხლი 144/2), დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაზე (მუხლი 144/3), ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებზე (323-ე-331/2 მუხლები), კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე (404-ე - 413-ე მუხლები).

დღის ამბები