05 მაისი 2024,   07:07
ვრცლად
დააყენა თუ არა ეუთოს თავმჯდომარემ სააკაშვილის გათავისუფლების შუამდგომლობა - პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებული განმარტებები კეთდება

დავით ზალკალიანის შემდეგ, ეუთოს თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ პარლამენტში გადაინაცვლა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. თინა ბოკუჩავას განცხადებით, მან შეხვედრაზე პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი დასვა, თუმცა დეტალებზე პრინციპულად არ ისაუბრებს.

ამ თემაზე განმარტებები გაკეთდა როგორც "ქართულ ოცნებაში", ისე დანარჩენ ოპოზიციაშიც. აღინიშნა, რომ საკითხი სააკაშვილის გუნდელმა მართლაც დასვა, პასუხად კი დიპლომატისგან მოისმინა, რომ პატივს სცემს ქვეყნის კანონმდებლობას. აქვე აღინიშნა პოლიტიკური ერთიანობის მნიშვნელობა და, ამ კონტექსტში, ექს პრეზიდენტის გათავისუფლების როლი.

"ეს საკითხი შეხვედრაზეე დააყენა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ, რაზეც პასუხი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს საქართველოს სასამართლომ. მოგვიწოდა მთლიანად ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, რომ ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში იყოს მეტი ერთიანობა. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ამ შეხვედრაზე ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა,"-აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა კი ამბობს, რომ ნიკოლოზ სამხარაძეს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. "შემიძლია ვთქვა, რომ ბატონმა სამხარაძემ შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, როდესაც ციტირებდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. დიახ, დავსვი პრეზიდენტი სააკაშვილის საკითხი, რა თქმა უნდა, რადგან ე სარის ქვეყნისთვის უდიდესი გამოწვევა და ახლა არის მომენტი, როდესაც პოლიტიკური ძალები უნდა ახდენდნენ კონსოლიდაციას და, სხვათა შორის, ამისკენ მოგვიწოდებს თავად პრეზიდენტი სააკაშვილიც, იმისთვის, რომ სწორად გავუმკლავდეთ ძალიან სერიოზულ საგარეო გამოწვევებს. პოლონეთს ძალიან კარგად ესმის, რამდენად სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას საქართველო,"-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"რეფორმების ჯგუფის" წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, პოლიტიკური სპექტრის გაერთიანების კონტექსტში მართლაც იყო საუბარი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, თუმცა, შუამდგომლობაზე საუბარი არ ყოფილა. "პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გზავნილი ერთობასთან მიმართებაში, რომელიც ქვეყნის ერთიანობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამის გაგრძელება იყო მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, რომელიც, მისი აზრით, სწორედ ამ შიდა ერთობას მოემსახურება. ეს იყო მისი პირადი პოზიცია როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს ქართულ კანონმდებლობას. შუამდგომლობის ნაწილი არ დაფიქსირებულა,"-აცხადებს აქუბარდია.

"ქართული ოცნების" წევრი გია ვოსლკი ხაზს უსვამს, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი საკითხები შიდა რესურსებით უნდა მოგვარდეს.

"არავითარი მაგდაგვარი არც შუამდგომლობა, არც შუამავლობა. უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით. უცხოეთში გადაყვანასთან საუბარი არ ყოფილა. პოლონეთის წარმომადგენელმა დაადასტურა თავისი პოზიტიური დამოკიდებულება ყველას მიმართ, მათ შორის, სააკაშვილის მიმართ და თქვა, რომ საკითხები რომელიც უკავშირდება სააკაშვილს თუ ნებისმიერ სხვა თემას უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, რასაკვირველია, შიდა რესურსის საფუძველზე უნდა გადაწყდეს,"-განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები