27 აპრილი 2024,   02:58
ვრცლად
"ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობა" - უმრავლესობა ბათუმში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტში ოპონენტებს ადანაშაულებს 

ბათუმში 78-ე საარჩევნო უბანთან მცირე დაპირისპირება იყო, რის გამოც საიას დამკვირვებელმა სამართალდამცავები გამოიძახა. საიას წარმომადგენლის თქმით, მან სამართალდამცველთა გამოძახება მას შემდეგ გადაწყვიტა რაც უბნის მიმდებარედ ხალხის მობილიზება შენიშნა. მისვე თქმით, დამკვირვებლები საარჩევნო უბნიდან გამოდიოდნენ და ჰქონდათ კონტაქტი გარეთ მყოფ ადამიანთან. 

ამავე უბნის მიმდებარედ სიტყვიერი დაპირისპირება "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლებს შორისაც მოხდა. წარმომადგენლები ხელისუფლების წარმომადგენლებს ამომრჩეველზე ზეწოლას ედავებოდნენ. სიტუაციის განმუხტვა სამართალდამცავებმა მალევე შეძლეს. 

78-ე საუბნო საარჩევნიო კომისიასთან მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით კომენტარი "ქართული ოცნების" ოფისში გააკეთეს და ოპონენტების ქმედებებს არასერიოზული უწოდეს. მათი თქმით, ოპოზიცია ცდილობს დესტრუქციას, რადგან ბათუმში არჩევნები წაგებული აქვთ.

"კანონის ფარგლებში ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას და განიმუხტება ის დაძაბული ვითარება, რომელიც იქ ხელოვნურად არის შექმნილი. ეს არის ბრალდება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე და ამ შემთხვევაში ვიტოვებ უფლებას, რომ მე ვთქვა, ეს არის ამწუთას არასერიოზული და დაუსაბუთებელი ბრალდება,"- აცხადებს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობის პროცესს, როგორც საარჩევნო უბნის თავმჯდომარე აცხადებს პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, დღეს ბათუმში, რუსთავსა და გარდაბნის რამდენიმე სოფელში შუალედური არჩევნები ტარდება. რუსთავი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. ბათუმი კი საკრებულოს ერთ დეპუტატს.

ბათუმი საკრებულოს ერთ დეპუტატს ირჩევს. შუალედური არჩევნებისთვის ბათუმის ოლქში 14 საარჩევნო უბანია გახსნილი. ბათუმში შუალედური არჩევნების მოსაგებად ორი კონკურენტი კანდიდატი - მათე ფუტკარაძე "ნაციონალური მოძრაობა" და რამაზ ჯინჭარაძე "ქართული ოცნება" იბრძვის.

ბათუმში არჩევნები საკრებულოს გონიო-კვარიათის მაჟორიტარი კანდიდატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო ტარდება.

დღის ამბები