03 მაისი 2024,   20:10
ვრცლად
ლექსო ლაშქარავას საქმეზე დაკავებულებს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ - შესაძლოა, პროკურატურამ გადაწყვეტილება გაასაჩივროს

მოსამართლე ნინო ელიაშვილმა 9 თვიანი განხილვის შემდეგ, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას საქმის განხილვა გამამტყუნებელი განაჩენით დაასრულა. ყველა პირს, ”TV პირველის” გადამღებ ჯგუფზე განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის გამო, 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა, საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილებისთვის, რომლებიც ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. მათი ნაწილი 5 ივლისის ღირსების მარშის კონტრაქციის მონაწილეები არიან. უცნობია ადვოკატების პოზიცია - მათ სასამართლოს ტერიტორია ისე დატოვეს, რომ ტელეკამერებთან არ გამოჩენილან. 

ბოლო 9 თვის მსგავსად, დღესაც 5 ივლისის საქმეზე დაკავებულები ამტკიცებდნენ, რომ მოძალადეები არ არიან და მოსამართლეს გათავისუფლებას სთხოვდნენ. 

მიუხედავად ამ განცხადებებისა, ყველა ბრალდებული დღეს ციხეში დატოვეს. საქმეებს შორის იყო "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, თამარ თათარაშვილის ეპიზოდი. მოპედის მძღოლს, რომელიც რეპორტიორს შეგნებულად დაეჯახა, მხოლოდ ერთი წელი მიესაჯა და ის საპატიმროს 3 თვეში დატოვებს. 1 წლითა და 3 თვით მოუწევს პატიმრობა ყოფნა იმ ორ პირსაც, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს, ილია თვალიაშვილს ფიზიკურად ჯგუფურად გაუსწორდნენ. დაზარალებული დღემდე ვერ მუშაობას სრულყოფილად და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. "ფორმულას" ფოტოგრაფზე განხორციელებული ძალადობის გამო, მოსამართლემ 2 პირი ციხეში 3 წლით დატოვა.

რატი წვერავას საქმეზე დაკავებულს სასჯელის სახით მხოლოდ 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა. "მთავარი არხის", "იმედის", "ტაბულასა" და სხვა მედია საშუალებების წარმომდგენლების საქმეზე დაკავებულების კი 1 წელი და 3 თვე. გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა "რუსთავი 2-ის" ოპერატორზე, ბექა ათაბეგაშვილზე განხორციელებული ძალადობის გამო დაკავებული მამაკაცი.

5 ივლისის საქმეზე სულ 27 პირია დაკავებული, საქმეში 50 ჟურნალისტია დაზარალებული.

დღის ამბები