27 აპრილი 2024,   01:30
ვრცლად
ვინ გეგმავდა პროვოკაციას უკრაინაში ქართული ოპოზიციიდან - გვარებს და სხვა დეტალებს სუსი ჯერ არ ასაჯაროებს

ვინ და რას გეგმავდა უკრაინაში ქართული ოპოზიციიდან - გვარებს და სხვა დეტალებს სუსი ჯერ არ ასაჯაროებს. უკრაინაში ქართველების მიერ, ქართველების წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბარი დღეს ჯერ "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო. მმართველ პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ მოსალოდნელი საფრთხის გამო თქვა უარი "ნაციონალურმა მოძრაობამ" დელეგაციასთან ერთად უკრაინაში გამგზავრებაზე.

ის, რაზეც პარლამენტის ვიცე-სპიკერი საუბრობს, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შესაძლო პროვოკაციას უკავშირდება. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ სანდო წყაროზე დაყრდნობით მიღებული ინფორმაციით, პროვოკაციის მოწყობას ყოფილი მმართველი პარტია კიევში გეგმავს. გია ვოლსკიმ ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გაასაჯაროვა. "ქართულ ოცნებაში" ღიად საუბრობენ იმაზე, თუ რა დგას "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილების მიღმა, არ წასულიყვნენ კიევში დელეგაციასთან ერთად.

საქმესთან დაკავშირებით რომ გამოძიება დაწყებულია, "კურიერს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, ეს კი საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს. ინფორმაცია უკვე გადაეცა უკრაინის შესაბამის სამსახურებსაც.

სუსის მიერ დაწყებული გამოძიებაც და მმართველი პარტიის ბრალდებაც ადრესატებისთვის არასერიოზულია. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ გამოძიებას მტკიცებულებების არ არსებობის გამო გაგრძელება ვერ ექნება.

კონკრეტულად რა ინფორმაციას ფლობს მმართველი პარტია შესაძლო პროვოკაციასთან დაკავშირებით, დეტალებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელს და პარლამენტის თავმჯდომარეს საუბარი არ სურს, თუმცა შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში "ნაციონალური მოძრაობის" მიდგომა და უკრაინაში ქართულ დელეგაციასთან ერთად წასვლაზე უარი მიღებული ინფორმაციის სიზუსტეში კიდევ უფრო არწმუნებს.

ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით დელეგაციაშია, მმართველი პარტიის განცხადების არ სჯერა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, "ქართული ოცნება" მსგავს თემებს საზოგადოების განწყობაზე ზემოქმედებისთვის იყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილს სკეპტიკური განწყობა აქვს, მმართველი ძალა დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გეგმის დეტალები, დაწყებული გამოძიების ფარგლებში გახდება ცნობილი.

ქართული დელეგაცია კიევში გაემგზავრა. სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ შესაძლო პროვოკაციას ახლა უკვე უკრაინული მხარე გაანეიტრალებს, რადგან ინფორმაცია იქაურ სპეცსამსახურებს ქართულმა მხარემ უკვე მიაწოდა.

დღის ამბები