05 მაისი 2024,   04:17
ვრცლად
ბლოკადაში მოქცეული მარიუპოლიდან დღეს 100-მდე ადამიანის გამოყვანა მოხერხდა - მათ შორის არიან ბავშვები

60 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მიწისქვეშა სამალავებში ყოფნის შემდეგ მარიუპოლს მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილი ტოვებს.

წითელი ჯვრისა და გაეროს ჩართულობით, ბლოკადაში მოქცეული ქალაქიდან, დაახლობით 100 ადამიანი გამოჰყავთ, მათ შორის არიან ბავშვები. ეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მწვანე დერეფნის გახსნა მოხერხდა.

ლუგანსკის ოლქში მტერი იერიშს არ წყვეტს. ტერიტორიას უტევენ როგორც არტილერიით, ასევე ცოცხალი ძალით. ერთ-ერთ პოზიციაზე ოკუპანტებს წინააღმდეგობას "სარმატის" ბატალიონი უწევს.

ქალაქ იზიუმთან ააფეთქეს რუსეთის სამეთაურო შტაბიც, უკრაინელი სამხედროების საარტილერიო იერიშის შედეგად დაიღუპა 20 ოფიცერი. დაიჭრა რუსეთის ფედერაციის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მოგერიებულია მოწინააღმდეგის 9 თავდასხმა. განადგურებულია ოკუპანტების 8 ტანკი, 1 საარტილერიო სისტემა, 24 ერთეული ჯავშანტექნიკა, ერთი სპეცმანქანა და საწვავის ავზი. საჰაერო თავდაცვის ძალებმა 7 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 მოიერიშე, სუ-25.

დონეცკის ოლქთან დაკავშირებულ მძიმე სტატისტიკას აქვეყნებს გენერალური პროკურატურა. რუსი ოკუპანტების შეჭრის დღიდან დაღუპულია 286 მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო დაჭრილია 900-მდე პირი.

დროებით ოკუპირებულ რეგიონებში, თანამდებობის პირებზე "ნადირობა" გრძელდება. ხერსონის ოლქში ოკუპანტებმა ნოვოკახოვკას ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე იგორ პროტოკოვილო გაიტაცეს.

ბრძოლას ხარკოვის ოლქში, შედეგი ნაწილობრივ მოჰყვა. უკრაინის შეიარაღებულმა რამდენიმე გათავისუფლებულ სოფელში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თითქმის ორი თვის განმავლობაში ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფებოდნენ. მათი ნაწილი ამ დრომდე პანიკაშია და თავშესაფრებს არ ტოვებს.

ხარკოვის დანარჩენ ნაწილში, ისევე, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრში, სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. მოსახლეობას მოუწოდებენ არ დატოვონ თავშესაფრები, რადგან მტრის საჰაერო შეტევა ნებისმიერ წუთს არის მოსალოდნელი.  

დღის ამბები