05 მაისი 2024,   11:41
ვრცლად
ბავშვების გასამხნევებლად ფრონტის ხაზზე ჩასული ვარსკვლავი - ანჯელინა ჯოლი უკვე ორი დღეა ომის შუაგულში ცხოვრობს

ვარსკვლავი, რომელმაც საკუთარი ჰოლივუდური ცხოვრება გვერდით გადადო და უკრაინაში ბავშვების გასამხნევებლად, ფრონტის ხაზზე, ომში ჩავიდა. ჰოლივუდის ვარსკვლავი ახლა იქ არის, სადაც მთელი მსოფლიო უნდა იყოს. ანჯელინა ჯოლი ახლა ლვოვშია. ლვოვში არაოფიციალური ვიზიტით, მხოლოდ საკუთარი სურვილით ჩავიდა.

თანადგომა ომის ტრავმების დაძლევაში - ეს ჰოლივუდის ვარსკვლავისთვის დღეს მთავარი ამოცანაა. ანჯელინა ჯოლი პირველად ლვოვის ერთ-ერთ კაფეტერიაში, შემთხვევით ადგილობრივებმა დააფიქსირეს და ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

"იუნისეფის" კეთილი ნების ელჩი, გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ლტოლვილთა საკითხებში - მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ლვოვის სკოლა-ინტერნატი და რკინიგზის სადგურზე ევაკუირებული ხალხი მოინახულა. ანჯელინა ჯოლი შეხვდა ლტოლვილებს, მოხალისეებს და რუსული ტყვიებით დაჭრილ ბავშვებს.

ჰოლივუდის ვარსკვლავი უკვე ორი დღეა ომის შუაგულში ცხოვრობს. ლვოვში განგაშის სიგნალიც გაისმა და უკრაინელი ხალხის მსგავსად მსახიობსაც თავშესაფარში მოუწია ჩასვლა.

ანჯელინა ჯოლი უკრაინამდე იტალიაში იმყოფებოდა. მსახიობმა ვატიკანის მახლობლად პედიატრიული საავადმყოფო მოინახულა, სადაც უკრაინელი ბავშვები სხვადასხვა მძიმე დაავადებას უმკლავდებიან.

მსახიობი წლების განმავლობაში ისეთ ნაბიჯებს დგამს, რასაც ბევრი ვერ ბედავს. რამდენიმე წლის წინ ანჯელინა ჯოლი სირიიდან იორდანიაში ჩასახლებულ რამდენიმე ოჯახს შეხვდა და მათ თანადგომა გამოუცხადა. ანჯელინა ჯოლი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ადამიანია, რომელიც ყველაზე რთულ დროს სწორედ იქ არის, სადაც სოლიდარობა და გამხნევება ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

დღის ამბები