სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის განხილვა ბრალდებულის გარეშე გრძელდება. მიხეილ სააკაშვილი პროცესს არ ესწრება, მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. ადვოკატები რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ.
დღეს, საღამოს 6 საათზე ხელისუფლებისადმი მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ულტიმატუმიც იწურება. ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემთხვევაში, მისი ახლობლები საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, დღევანდელი პროცესისთვის მნიშვნელოვანია, არა სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანის საკითხი, არამედ ის, გაუწევენ თუ არა მას საჭირო სამედიცინო დახმარებას.
"ამჟამად ვიმყოფებით მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, თუმცა, დიახ, ჩვენ გვექნება რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. დღევანდელი პროცესისთვის მნიშვნელოვანია არა ის, საზღვარგარეთ წაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ ის, გაუწევენ თუ არა მას იმ სამედიცინო დახმარებას, რომელიც სჭირდება.
რაც შეეხება საზღვარგარეთ გაყვანას, ჩემი პირადი პოზიცია არის, რა აზრიც ჩამომიყალიბდა ექიმების დასკვნების წაკითხვის შემდეგ, რომ მისი პრობლემა შესაძლებელია მოითხოვდეს საზღვარგარეთ გაყვანას," - განაცხადა თუთბერიძემ.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ბოტკოველის თქმით, მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა იბრძოლოს სააკაშვილის სიცოცხლისთვის.
"დღეს პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად, ოჯახმაც, პარტიამაც, საზოგადოებამ, ექიმებმა, ყველამ ერთად გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. ძალიან მალე დადგება დღე როცა ჩვენ ყველა ერთად ვიზრუნებთ პირველ რიგში მის ჯანმრთელობაზე, მოუწევთ მისი ქვეყნიდან გაყვანა და ისეთ კლინიკაში მკურნალობა, სადაც რეალურად აღმოუჩენენ დახმარებას და ძალიან მალე ვიხილავთ მიხეილ სააკაშვილს თავისუფლებაზე, ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში," - განაცხადა ბოტკოველმა.