27 აპრილი 2024,   04:27
ვრცლად
ისტორიული დღე ფინეთისა და შვედეთისთვის - ნატოში გაწევრიანების განაცხადი პირადად იენს სტოლტენბერგმა ჩაიბარა

ისტორიული დღეა ფინეთისა და შვედეთისთვის - მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყნებმა უსაფრთხოების პოლიტიკას გადახედეს და ნატოში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს.

ცოტა ხნის წინ ორი ქვეყნის ელჩმა შესაბამისი განაცხადი ნატოს შტაბბინაში მიიტანა, რომელიც პირადად იენს სტოლტენბერგმა ჩაიბარა.

"დღეს კარგი დღეა ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან მომენტში. მადლობას გიხდით შვედეთს, ფინეთს ნატოში გასაწევრიანებლად განაცხადის გადმოცემისთვის. ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად აირჩიოს საკუთარი გზა. თქვენ ორივემ საკუთარი არჩევანი გააკეთეთ დემოკრატიული პროცესების შესაბამისად.

მე თბილად მივესალმები შვედეთისა და ფინეთის განაცხადს ნატოში გასაწევრიანებლად. თქვენ ხართ ჩვენი ახლო პარტნიორები და თქვენი გაწევრიანება ნატოში გაზრდის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. თქვენ მიერ გაკეთებული განაცხადი ისტორიული ნაბიჯია.

ახლა მოკავშირეები განიხილავენ შემდგომ ნაბიჯებს ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ნატო-ს ყველა წევრის უსაფრთხოების ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ყველა საკითხზე და სწრაფად მოვამზადოთ დასკვნა.

გასული დღეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ არაერთი განცხადება ჩვენი მოკავშირეების მხრიდან, ერთგულნი არიან შვედეთისა და ფინეთის უსაფრთხოებისადმი. ნატო ასევე ფხიზლადაა ბალტიის ზღვის რეგიონში და მოკავშირეთა ძალები საჭიროებისამებრ განაგრძობენ ადაპტაციას. ყველა მოკავშირე თანხმდება ნატოს გაფართოების მნიშვნელობაზე. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ერთად უნდა ვიდგეთ და რომ ეს ისტორიული მომენტია," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები