არასრულწლოვნებს, ალკოჰოლის მიღება შესაძლოა მრავალწლიან პატიმრობად დაუჯდეთ. ჯერ დაკავებული არავინაა, თუმცა გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შემთხვევა შიდა ქართლში, ერთ-ერთი არასრულწლოვნის სახლში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, კლასელმა არასრულწლოვან გოგონას ინტიმური კადრები გადაუღო, რომელიც მთელმა სკოლამ ნახა. სახლში ამ დროს, გოგონა 2 ბიჭთან ერთად, იყო. მსხვერპლი დანაშაულს თვეები მალავდა, თუმცა უკანონოდ გადაღებული კადრების არსებობის შესახებ, სკოლის დირექტორმა შეიტყო და სამართალდამცველებს აცნობა.
სკოლის დირექტორმა დღეს, მომხდარის შესახებ სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადა. 14 წლის გოგონას ოჯახს, მომხდარის გახსენება უჭირს და ყველა დამნაშავის დასჯას მოითხოვს.
დაზარალებულმა ჩვენება უკვე მისცა. გამოკითხვის პროცესს სახელმწიფო ზრუნვის ფარგლებში, ფსიქოლოგი დაესწრო. ზრუნვის სააგენტოში კურიერს განუცხადეს, რომ სპეციალისტების შეფასების საფუძველზე, გოგონა ბიოლოგიური ოჯახიდან გამოიყვანეს და სახელმწიფო ზრუნვაში, ფსიქოლოგების ზედამხედველობის ქვეშ არის.
საქმის ერთ - ერთი არასრულწლოვანი ფიგურანტის დედაა ამტკიცებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. ორივე არასრულწლოვანს, რომლებიც 14 წლის გოგონას საქმეში ფიგურირებენ, ამ ეტაპზე მოწმის სტატუსი აქვთ. მათ თანაკლასელის შიშველი კადრების გადაღება - გავრცელების გარდა, შეკითხვები სექსუალურ ძალადობაზეც დაუსვეს, რაც არ გამორიცხავს, რომ საგამოძიებო მუხლი კიდევ უფრო დამძიმდეს.
გამოძიება დაინტერესებულია კიდევ რამდენიმე არასრულწლოვნით, რომლებმაც თანატოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ნახეს და გაავრცელეს. სამართალდამცველებმა სკოლის მოსწავლეების ტელეფონები და სოციალურ ქსელში მინაწერები უკვე ამოიღეს. საქმის მთავარ ფიგურანტებს კერძო ადვოკატები ჰყავთ, რომლებიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მომხდარში ვერ ხედავენ.
ძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გავრცელების ფაქტზე აგრძელებს, რაც მაქსიმალურ სასჯელად 8 წლამდე პატიმრობას გულისხმობს, თუმცა არ არის გამორიცხული, საგამოძიებო მუხლი დამძიმდეს. იკვეთება თუ არა 14 წლის გოგონას საქმეზე მისი თანაკლასელების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.