ხაშურის "ივერიისა" და თბილისის "გლდანის" ფეხბურთელებს შორის მომხდარი ინციდენტისას დაშავებული ფეხბურთელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არ არის გამორიცხული, მომხდარის გამო, ორივე გუნდს ფეხბურთის ფედერაციამ დისკვალიფიკაცია მისცეს.
ხაშურის "ივერიის" მწვრთნელი ზურაბ გომიძე ამბობს, რომ ინციდენტი გლდანის ფეხბურთელების პროვოკაციულმა მოქმედებებმა გამოიწვია, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში გრძელდებოდა.
დაშავებული ფეხბურთელის, სანდრო ხაჩიძის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია. ექიმის განცხადებით პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში ქალა-ტვინის დახურული ტრავმით შევიდა. მას პირველადი დახმარება გაეწია და ამ დროისთვის, კვლავ სტაციონარში რჩება.
გავრცელებული ინფორმაციით,სტადიონზე დაპირისპირების მიზეზი თამაშის ბოლო წუთზე ერთ-ერთი გულშემატკივრის მიერ სტადიონზე მინის ბოთლის სროლა გახდა. ბოთლი "გლდანის" მეკარემ უკან, ტრიბუნისკენ გაისროლა, თუმცა ის მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს მოხვდა. სპორტსმენების გარდა, დაპირისპირებაში გულშემატკივარიც ჩაერთო.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი