20 აპრილი 2024,   15:45
ვრცლად
ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წელი ელოდა, მოხარული ვართ, რომ დღეს, ეს პერსპექტივა ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად აღიარა - ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძილზე ელოდა, მოხარული ვართ, რომ დღეს ეს პერსპექტივა ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად აღიარა - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს ევროპული პერსპექტივა ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად აღიარა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, კონკრეტული გზამკვლევიც შემოგვთავაზა.

"გვინდა გამოვეხმაუროთ ევროპული კომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას. როგორც მოგეხსენებათ, კომისია ევროპულ საბჭოს უწევს რეკომენდაციას, უკრაინასა და მოლდოვას მთელი რიგი დათქმებით მიანიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოსთვის ოფიციალურად აღიაროს ევროპული პერსპექტივა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უახლოეს მომავალში კანდიდატის სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდება.

ევროპული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც არის იმ ღირებულებების პატივისცემისა და განმტკიცების ერთგული, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება. აქედან გამომდინარე, კომისია რეკომენდაციას უწევს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი“. გარდა ამისა, დოკუმენტში კონკრეტულად არის ჩამოთვლილი პირობები, რომელთა შესრულებისთანავე საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ევროპული საბჭო უახლოეს მომავალში მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სამივე ქვეყანასთან მიმართებით. თუმცა, გვესმის, რომ ძალიან მაღალი ალბათობით, საბჭოს გადაწყვეტილება კომისიის დასკვნასთან იქნება თანხვედრაში.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ყველა გაზომვადი პარამეტრით, საქართველო წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას - იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა, ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა თუ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების საერთო შესრულება. თუმცა, ისიც გვესმის, რომ ევროპული კომისია და ევროპული საბჭო იღებენ არა ექსპერტულ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არსებულ არაორდინალურ პოლიტიკურ ვითარებაში, ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას აქვს თავისი ლოგიკური პოლიტიკური ახსნა.

რუსეთის სამხედრო აგრესიამ და მიმდინარე ომმა უკრაინას უკვე უმძიმესი ჰუმანიტარული და ეკონომიკური ზიანი მიაყენა. ომის შედეგად დაიღუპა 10 ათასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, ყოველი მესამე უკრაინელი დევნილად ან ლტოლვილად არის ქცეული, განადგურებულია ქვეყნის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, დანგრეულია ასობით ქალაქი და სოფელი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები უკრაინული ეკონომიკის 45 პროცენტით ვარდნას პროგნოზირებენ. ამ ფონზე, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ერთგვარი მცირედი წახალისება, რაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას ევროკავშირისგან უსათუოდ უნდა მიეღო. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ერთ-ერთი ევროპელი ლიდერის განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვეულებრივ პირობებში უკრაინა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა და ის სტატუსს სწორედ ომის გამო იღებს.

კონფლიქტის ზონასთან გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე, უკრაინაში მიმდინარე ომმა მძიმე ზიანი მიაყენა ჩვენს მეგობარ მოლდოვასაც. მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 14,5 პროცენტი შეადგინა, მოლდოვის ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 1 პროცენტი იყო. ამასთან, მოლდოვას ნახევარმა მილიონმა უკრაინელმა ლტოლვილმა შეაფარა თავი, რაც 2,5-მილიონიან ქვეყანას, ბუნებრივია, უმძიმეს ტვირთად აწვება, ხოლო ევროკავშირს შესაბამის ტვირთს უშუალოდ უმსუბუქებს. უკრაინაში მიმდინარე ომის მძიმე ეკონომიკური და ჰუმანიტარული გავლენის გათვალისწინებით, მოლდოვასაც უნდა მიეღო წახალისება, რაც მის რთულ მდგომარეობას, მართალია, ეკონომიკურად არა, მაგრამ პოლიტიკურად გარკვეულწილად მაინც შეამსუბუქებს. ნიშანდობლივია, რომ არსებული სირთულეების ფონზე, ევროკავშირმა მოლდოვის სამხედრო-პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და დსთ-ში მის წევრობაზეც კი დახუჭა თვალი და ყველაფრის მიუხედავად, მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ვულოცავთ როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც ერთ კვირაში საბჭოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დადასტურდება.

რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას: ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძილზე ელოდა. მოხარული ვართ, რომ დღეს ეს პერსპექტივა ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად აღიარა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის კონკრეტული გზამკვლევიც შემოგვთავაზა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ

დღის ამბები