15 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
პირველად, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ევროკომისიამ ჩვენი ევროპული პერსპექტივა დაადასტურა - გრიგოლ ვაშაძე 

გრიგოლ ვაშაძე ევროკომისიის დასკვნის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, ის, რომ დღეს  ევროპული პერსპექტივა გაჩნდა, ისტორიული შანსია და ჩვენი თანამოქალაქეების დაღვრილი სისხლის და ბრძოლის აღიარებაა.

გრიგოლ ვაშაძე ასევე წერს, რომ პირველად, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ევროკომისიამ დაადასტურა ჩვენი ევროპული პერსპექტივა.

"საქართველოს ევროპის კავშირთან ჰქონდა ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია. დღეს გაჩნდა ევროპული პერსპექტივა. ეს არის ისტორიული შანსი, ჩვენი თანამოქალაქეების დაღვრილი სისხლის და ბრძოლის აღიარება.

საქართველოში არ ვიმყოფები და მედიის უამრავ შეკითხვებზე წერილობით მიწევს პასუხის გაცემა.

ვინც ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუებული არ არის, იმ ადამიანს გული არ აქვს.

ვინც განაწყენებულია ევროკომისიის მიმართ, პრეტენზიების გამოთქმას აპირებს და არ ესმის, რა გზით უნდა წავიდეთ, იმ ადამიანს ტვინი არ აქვს. საქართველოს ყველა მოქალაქის ოცნება იყო და არის ევროპულ ოჯახში დაბრუნება. იმ ოჯახში, რომელსაც ჩვენ ისტორიულად და კულტურულად ვეკუთვნით.

ამ მისწრაფებაზე პასუხი მივიღეთ.

პირველად, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ევროკომისიამ დაადასტურა ჩვენი ევროპული პერსპექტივა, 1992 წლის 7 თებერვლის მაასტრიხის ხელშუკრულებისადმი ჩვენი შესაბამისობა. ევროკავშირის უმაღლესი ტრიბუნიდან, ევროკავშირის პირველი პირის, მისი პრეზიდენტის, ქ-ნი ურსულა ფონ დერ ლაიენის მეშვეობით ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რომ ევროპული ოჯახის კარი ღიაა და ახლა საქართველოზეა ყველაფერი დამოკიდებული.

იგივე გაიმეორა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პირველმა პირმა, ბ-მა ჟოზეფ ბორელმა.

ეს - პოზიტივი. მაგრამ ყველა მონეტას მეორე მხარეც აქვს. 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომამდე და იმ გეოპოლიტიკურ მიწისძვრამდე, რაც ამ ბარბაროსულმა ომმა გამოიწვია, ევროპული პერსპექტივის მიღება იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკური ამოცანა. თუმცა, დღეს მაასტრიხის ხელშუკრულების 49 მუხლით გათვალისწინებული ევროპული პერსპექტივა და არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ნამდვილად არ არის ის შედეგი, რასაც საქართველოს მოქალაქე ელოდებოდა.

ევროკომისიის დასკვნა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადთან დაკავშირებით, გულწრფელად ვთქვათ, წარმოადგენს სერიოზულ საგარეო პოლიტიკურ წარუმატებლობას, რაც პირველ რიგში საშინაო პოლიტიკური მდგომარეობის შედეგია.

საქართველოს ევროპის კავშირთან ჰქონდა ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია.

დღეს გაჩნდა ევროპული პერსპექტივა.

ეს არის ისტორიული შანსი, ჩვენი თანამოქალაქეების დაღვრილი სისხლის და ბრძოლის აღიარება და ამ შანს გამოვიყენებთ, როგორც ქ-მა ფონ დერ ლაიენმა ბრძანა, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს გაერთიანებით.

თუ ხელისუფლება და ოპოზიცია გვერდზე არ გადადებენ უთანხმოებებს, არ შეასრულებენ ევროკავშირის რეკომენდაციებს, არ გაითავისებენ კომპრომისის და ურთიერთ დათმობების საჭიროებას, არ დაუბრუნდებიან 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებას, უპირველეს ყოვლისა არ აღიდგენენ საქართველოს მოქალაქის ნდობას - ჩვენ ამ ისტორიულ შანსს ხელიდან გავუშვებთ. ყველას, აბსოლუტურად ყველას, ამ საქმეში დღეიდან ერთნაირი პასუხისმგებლობა ეკისრება.

საზოგადოება კი უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის, პოლიტიკური ძალების უმკაცრესი მაკონტროლებელი, რათა ხელიდან არ გავუშვათ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის შანსი. ევროპის კავშირში მხოლოდ ერთად შევალთ. ცალ-ცალკე - რუსეთის საფილტრაციო ბანაკში," - წერს გრიგოლ ვაშაძე Facebook-ზე.

დღის ამბები