04 ოქტომბერი 2026,   05:30
ვრცლად
საბავშვო სივრცე, გასტრონომიული ფესტივალი, სამეწარმეო მარკეტი, სპორტული აქტივობა, ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, პერფორმანსი და მუსიკალური საღამო - "თბილისობა 2026"

დედაქალაქის მთავარი დღესასწაული - "თბილისობა" ტრადიციულად წელსაც ქალაქის ისტორიას, კულტურას და მრავალფეროვნებას აერთიანებს. დღის განმავლობაში სტუმრები სხვადასხვა გასართობ, შემეცნებით და კულტურულ ღონისძიებას დაესწრნენ.

საბავშვო სივრცე, გასტრონომიული ფესტივალი, სამეწარმეო მარკეტი, სპორტული აქტივობა, ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, პერფორმანსი და მუსიკალური საღამო - დღესასწაული სხვადასხვა ლოკაციაზე მრავალფეროვანი პროგრამით გრძელდება.

ადგილობრივმა მეწარმეებმა სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სტუმრებს საკუთარი პროდუქცია შესთავაზეს. გამოფენაში 70-ზე მეტი ქართველი მეწარმე მონაწილეობს. სტენდებზე წარმოდგენილია, როგორც საკვები პროდუქტები, ისე ხელნაკეთი ნივთები და ადგილობრივი ნაწარმი.

ორბელიანების სასახლის მიმდებარედ მოწყობილი საგამოფენო სივრცე პირველმა ლედიმ დაათვალიერა. გამოფენა-გაყიდვა თამარ ბაგრატიონის პატრონაჟით ტარდება და მიზნად ისახავს ქართული წარმოების მხარდაჭერასა და ფართო აუდიტორიისთვის წარდგენას.

ფესტივალის მთავარი ხაზი თბილისთან დაკავშირებული სიმბოლოები, თემატური დეკორაციები, ინსტალაციები და ის ყველაფერი, რომლებიც ქალაქის ისტორიასა და იდენტობას წარმოაჩენს.

თბილისობა 3 და 4 ოქტომბერს დედაქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება. დახურვის ცერემონიის დასკვნითი ნაწილი თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია იქნება. დღის პროგრამა კი მუსიკალური და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდება.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

 
 
დღის ამბები