ცენტრალური საარჩევნო კომისიაში, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, მოსახლეობას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული არჩევნების შედეგები გააცნო.
"ჩვენ, ტრადიციისამებრ, წარმოგიდგენთ ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული არჩევნების შედეგებს, რომლის თანახმადაც, ჩვენ უკვე მიღებული გვაქვს წინასწარი მონაცემები წალკის სამი საარჩევნო უბნისგან და ვანის ერთი საარჩევნო უბნისგან, რომელიც უკვე ატვირთულია ცესკოს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია შესაბამისად, რომლის თანახმადაც, წალკის შემთხვევაში, ნომერმა 9-მ კანდიდატმა, ზაზა შანთაძემ, მიიღო 13 ხმა, რაც არის 3.25%, ხოლო ნომერმა 41-მა ნანული ხინიკაძემ მიიღო 386 ხმა, რაც გახლავთ 96.74%. რაც შეეხება ვანს, ვანის შემთხვევაში ნომერმა 9-მ კანდიდატმა ბექა კობალაძემ მიიღო 57 ხმა, რაც გახლავთ 12.83%, ხოლო ნომერმა 41-მა ვაჟა ხელაძემ მიიღო 387 ხმა, რაც გახლავთ 87.16%.
პარალელურად, ხორციელდება ტრადიციული საარჩევნო უბნების დათვლის პროცედურები და რა თქმა უნდა, შეჯამებისთანავე გადმოიგზავნება მონაცემები, რომელიც იმთავითვე ხელმისაწვდომი იქნება ზემოხსენებულ პლატფორმაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებამ, მათ შორის შემაჯამებელი ოქმების ელექტრონული ფორმით გადმოგზავნამ, კვლავ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინფორმაციის ოპერატიულად მიღებასა და შედეგების საზოგადოებისთვის დროულად ხელმისაწვდომობას. ეს მიდგომა თავის მხრივ ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობასა და საჯაროობას", - აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.