02 დეკემბერი 2024,   07:41
ვრცლად
ჩვენ ვართ საერთაშორისო, ფინანსური, გლობალური სისტემების წევრი და ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ინდივიდუალურად კომპანიებს არ ექნებათ სანქციების გვერდის ავლის საშუალება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს, სანქციებს ვერ დავაწესებთ ბუნებრივი მიზეზის გამო, რადგან ჩვენი ეროვნული ინტერესები გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე, ერთ - ერთ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო, ფინანსური, გლობალური სისტემების წევრია და ინდივიდუალურად კომპანიებს, არ ექნებათ სანქციების გვერდის ავლის საშუალება. 

"ჩემთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ ვისაუბრო იმ გამოწვევებზე, რომელიც განსხვავებულ სამყაროში გვამყოფებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის გადაწყობა. უკრაინამდე იყო საქართველო. 2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია. დღემდე ოკუპირებულია 20-ვე პროცენტი და რუსეთის ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებიან. შესაბამისად, მათთან ერთად ვთანაცხოვრობთ. ეს არის მიმდინარე ოკუპაცია. მინდა, ყველას გავახსენო, რომ იმ დროს, 2008 წელს მსოფლიოში არავის საკმარისი ყურადღება არ გამოუხატავს, სიმართლე რომ ვთქვათ. სუვერენული სახელმწიფო, დამოუკიდებელი სახელმწიფო რუსეთის აგრესიის წინაშე აღმოჩნდა და არანაირი ადეკვატური, სწორი რეაქცია არ ჰქონია მსოფლიოს. არანაირი სანქციები არ დაუწესდა რუსეთს, არაფერი არ მომხდარა. ამიტომ 2014 წელს მსოფლიოს გაუკვირდა, როდესაც ყირიმის ანექსია მოხდა. სულ ახლახან, 2022 წელს დავინახეთ სრულმასშტაბიანი შემოსევა უკრაინაში რუსეთის მხრიდან. რომ ვუპასუხო თქვენს კითხვას, სად არის საქართველო მოცემულ სიტუაციაში, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ოკუპირებულია და რუსეთის ჯარებთან ვთანაცხოვრობთ ჩვენს ტერიტორიაზე, გახსნილად რომ ვთქვათ, ჩვენ ვართ მოწყვლადი ამ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, გვაღელვებს ჩვენი ერის უსაფრთხოება.

პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ უკრაინას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, გაერო, ეუთო, 260 რეზოლუციას მივუერთდით. რა თქმა უნდა, საერთაშორისო, ფინანსური, გლობალური სისტემების წევრი ვართ და ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ამის ის არის, რომ რეაქცია იყო ადეკვატური. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით საჯაროდ, რომ ინდივიდუალურად კომპანიებს არ ექნებათ სანქციების გვერდის ავლის საშუალება. ერთ-ერთი მათგანი იყო „ვითიბი“ ბანკი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მთავრობასთან ერთად ერთ კვირაში ვმართეთ ეს საკითხი და გადავწყვიტეთ, მაგრამ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენ, ქართველები ეროვნულ, ეკონომიკურ სანქციებს ვერ დავუწესებთ რუსეთს ძალიან ბუნებრივი მიზეზის გამო, რადგან ჩვენი ეროვნული ინტერესები გაგვაჩნია. ჩვენი საკუთარი უსაფრთხოების გამოწვევები, ეკონომიკური გამოწვევები. ამიტომ ეს არის ჩვენი მოტივაცია.

საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს. იმ საფრთხეების, იმ სისუსტეების გამო, ვერ ნახავთ ბევრ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი უწევს ოკუპაციას. მე, როგორც მთავრობის მეთაური, უნდა ვფიქრობდე ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად, ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვდგავართ, სრულ კოორდინაციაში ვიმყოფებით საერთაშორისო პარტნიორებთან, ამერიკელ, ევროპელ პარტნიორებთან ერთად. ამიტომ ეს არის ჩვენი პოზიცია. მაგალითად, მოლდოვა, კიდევ ერთი ქვეყანა ასოცირებულ ტრიოში – მან არ დაუწესა ეკონომიკური სანქციები რუსეთს, ძალიან ბუნებრივი მიზეზების გამო", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

დღის ამბები