მონიკა გუგუნავა ნაქირავებ ბინაში შვილებთან ერთად ცხოვრობს. პრიორიტეტები უკვე განსაზღვრა და მისი ოჯახი სახელმწიფოსგან ბინის ნაცვლად, კონკრეტულ თანხას მიიღებს. უძრავი ქონების ნაცვლად, ოჯახის ერთ წევრზე 10 000 ლარის მიღება მხოლოდ ნებაყოფლობითი შეთანხმების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
ახალი პროგრამის განხორციელებისთვის მიმდინარე წელს სახელმწიფო 58 მილიონ ლარს დახარჯავს. მომავალი წლის ხარჯები კი 2027 წლის ბიუჯეტში გაიწერება. ფულადი კომპენსაციების გაცემის პარალელურად, იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც თანხის მიღებაზე უარს იტყვიან, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და "სოფლად სახლის" პროგრამა ისევ გაგრძელდება.
ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამაში ჩართვის მსურველმა დევნილმა ოჯახმა განაცხადი, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში, წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში უნდა შეავსოს.
დოკუმენტებს დევნილთა სააგენტო რიგითობის შესაბამისად განიხილავს.
სიახლის შესახებ პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას გადაწყვეტილების მიზნობრიობა გააცნო და ბოლო წლებში დევნილთა ოჯახების ინტერესების სასარგებლოდ, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
იმ შემთხვევაში თუ დევნილ ოჯახს აქვს ალტერნატიული საკუთრება, რაც თავისი სახსრებით შეიძინა, პროგრამაში მონაწილეობისთვის ეს ხელის შემშლელი ფაქტორი არ იქნება. ახალი პროგრამის პარალელურად, თბილისსა და რეგიონებში, დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, თანამედროვე სტანდარტების ახალი ბინების მშენებლობა გრძელდება.