14 ოქტომბერი 2026,   00:21
ვრცლად
გვარამიას პროგნოზი ევროპული საბჭოს შეხვედრამდე ერთი დღით ადრე - "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის შედეგები ადასტურებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მუდმივად დეზინფორმაციის ტირაჟირებითაა დაკავებული

"საქართველო გადავარდება ისევ აღმოსავლეთის პარტნიორობის კალათაში, რომელიც პრაქტიკულად იქნება უიმედო" - ასეთი იყო ნიკა გვარამიას პროგნოზი ევროპული საბჭოს შეხვედრამდე ერთი დღით ადრე. პარტია "ახალის" ლიდერი საზოგადოებას ეთერიდან უმტკიცებდა, რომ უტყუარ ინფორმაციას ფლობდა. გვარამია ამ საკითხს პრემიერ-მინისტრის ცვლილებასაც უკავშირებდა

"ევროპული საბჭოს ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის შედეგები ადასტურებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მუდმივად დეზინფორმაციის ტირაჟირებითაა დაკავებული" - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ გვარამია და მისი კოლეგები საკუთარი ამომრჩევლებისთვის სიმულაციური რეალობის შექმნას პერმანენტულად ცდილობენ. ამავდროულად, ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების ერთადერთ გზად უხეში საგარეო ჩარევა და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა მიაჩნიათ.

ნიკა გვარამიას ე.წ. სანდო წყარო მისივე თანაგუნდელებმა გამოააშკარავეს - გაზეთი "ასავალ-დასავალი". კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი, სავარაუდოდ, პროგნოზებს მათივე მხრიდან, ოდიოზურ პრესად მონათლული გამოცემის გვერდებზე დაყრდნობით აკეთებდა.

გვარამიას და მის იდეოლოგიურ მოკავშირეებს მხოლოდ უცხოელი ლობისტების დავალების შემსრულებლად აღიქვამენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, ოპოზიცია მუდმივად ცდილობს ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში უცხოური გავლენა გააძლიეროს. სიცრუის გავრცელებით კი, საკუთარი ელექტორატის კონსოლიდაციას შეუწყოს ხელი.

ევროპული საბჭოს შეხვედრა ლუქსემბურგში 12 ოქტომბერს შედგა. ევროსტრუქტურამ უკრაინას და მოლდოვას მოლაპარაკებების ახალი კლასტერი გაუხსნა. საქართველოს შესახებ კი რაიმე კრიტიკული გადაწყვეტილება ან განცხადება არ გაუვრცელებია.

დღის ამბები