19 მაისი 2024,   07:57
ვრცლად
მარნეულის ტრაგედიის შედეგად დაზარალებული 8 წლის ბავშვის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა - გოგონა მართვით სუნთქვაზე რჩება

ამ დრომდე მძიმეა მარნეულში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებული 8 წლის ბავშვის მდგომარეობა - გოგონა მართვით სუნთქვაზე რჩება. არასრულწლოვანს, რომელმაც აივნის ჩამონგრევის შედეგად მრავლობითი დაზიანება მიიღო, გვიან ღამით ოპერაციაც ჩაუტარდა.

ტრაგედიის შედეგად დაზარალებულია კიდევ ერთი, 7 წლის ბავშვი, რომელმაც ნგრევის დროს შედარებით მსუბუქი დაზიანებები მიიღო, თუმცა ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

მარნეულში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულის აივნის ჩამონგრევამ ორი ქალის სიცოცხლე შეიწირა, მათგან ერთი ორსულად იყო. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს და ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

მოსახლეობა მომხდარში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს, თუმცა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ბრალდებებს უარყოფს.

დღეს "კურიერმა" გუშინ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის ამსახველი კადრები მოიპოვა.​ სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ჩანს, როგორ ჩამოინგრა კორპუსის მეხუთე სართულის აივანი, სადაც რვა თვის ფეხმძიმე ქალი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა.

ადგილობრივები ნგრევის ხმაზე ეზოში ჩამოვიდნენ, სადაც უმძიმესი სურათი დახვდათ. თვითმხილველების თქმით, მეხუთე სართულის აივანმა ჩამოშლა მოულოდნელად დაიწყო, რასაც მალევე მოჰყვა მეოთხე სართულის ნგრევაც. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.

უბედურმა შემთხვევამ მეოთხე სართულზე მცხოვრები 40 წლის ქალის სიცოცხლეც შეიწირა. გარდაცვლილის შვილი "კურიერს" უყვება, რომ დედამისი აივანზე იყო, რა დროსაც ჩამოშლილმა მასამ მეოთხე სართულის აივანიც მოიყოლა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

აივნის ჩამოშლის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ კორპუსის ავარიულობასთან დაკავშირებით მერიაში ინფორმაცია ჰქონდათ.

კორპუსის მცხოვრებლების ბრალდებებს მალევე უპასუხეს ადრესატებმა. ქვემო ქართლის გუბერნატორი აცხადებს, რომ მერიისთვის ამ პრობლემით არავის მიუმართავს.

უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი კორპუსიდან ადგილობრივები უკვე გამოიყვანეს.

უბედური შემთხვევის მიზეზების დადგენა ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე რჩებიან საპოლიციო ძალები და ექსპერტები. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი საქმეზე მოკვლევას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით აწარმოებს.​

დღის ამბები