27 აპრილი 2024,   03:08
ვრცლად
10 წლის წინ რუსეთი სტრატეგიული პარტნიორი იყო, დღეს კი პირდაპირი საფრთხეა... ჩვენს ღირებულებებს და სტანდარტებს ჩინეთიც ეწინააღმდეგება - სტოლტენბერგი

დღეს, მადრიდში, ნატოს სამიტის მეორე დღეა. სწორედ დღეს უნდა მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება კიევისა და თბილისისთვის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ. სამიტის მონაწილეები მომავალი ათი წლის უსაფრთხოების კონცეფციაზე უნდა შეთანხმდნენ. პირველად 12 წლის შემდეგ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთს არა პარტნიორად, არამედ მთავარ საფრთხედ გამოაცხადებს. სამიტზე საუბარი იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზეც, რომელშიც საქართველო აქტიურად არის ჩართული. ესპანეთის დედაქალაქში იმყოფება საქართველოს დელეგაციაც, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ეს სამიტი ისტორიულია, რადგან მიღებული იქნება თავდაცვის სტრატეგიული კონცეფცია, შვედეთის და ფინეთის მოწვევა კი უპრეცენდენტოდ მცირე დროში ხდება. 

"ეს ისტორიული და ტრანსფორმირებადი სამიტია ჩვენი ალიანსისთვის. სერიოზული უსაფრთხოების კრიზისის წინაშე ვართ , ისეთის როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვახსოვს. ჩვენ ვახდენთ ერთიანობის დემონსტრირებას, და ვპასუხობთ საფრთხეებსა და გამოწვევებს ერთიანი და მტკიცე პასუხით. ეს სამიტი ტრანსფორმირებადი​რადგან ამავე დროს ისტორიულიცაა. მივიღებთ სტრატეგიული კონცეფციას, რაც ერთგვარი გზამკვლევი იქნება მომავალში საფრთხის შემცველი დღეებისთვის. უნდა მოვახდინოთ ნატოს თავდაცვის მოდერნიზება, ამისთვის მეტი ინვესტიცია არის საჭირო.

ჩვენ უკრაინის დასახმარებლად ახალ პაკეტს დავამტკიცებთ.

ლიდერები ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ფინეთისა და შვედეთის მოწვევით. ისტორიული იყო გუშინ თურქეთთან ამ საკითხზე მიღწეული შეთანხმება. ნატოს მიერ შვედეთის და ფინეთის მოწვევა უპრეცენდენტოდ მცირე დროში ხდება. ეს არის ერთიანობის დემონსტრირება, რომ ჩვენ ერთად ვდგავართ საერთო გამოწვევებთან, ტერორიზმთან ბრძოლაში.

10 წლის წინ, როცა ნატოს კონცეფცია შემუშავდა, რუსეთი სტრატეგიული პარტნიორი იყო, მაშინ სამიტს დიმიტრი მედვედევი ესწრებოდა, დღეს კი რუსეთი პირდაპირი საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული კოლექტიური თავდაცვის გასაძლიერებლად.

რაც შეეხება ჩინეთს, კონცეფციაში ის ერთი სიტყვით არ იქნება წარმოდგენილი. ჩინეთი ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს და სტანდარტებს," - აცხადებს სტოლტენბერგი.

ლატვიის პრეზიდენტის, ეგილს ლევიტსის თქმით, შვედეთი და ფინეთი ნატოს გააძლიერებენ.

"ლატვია მიესალმება ფინეთს და შვედეთს, ეს აძლიერებს ნატოს. ჩვენ ველოდებით აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაზე მსჯელობას ამ სამიტზე. რაც შეეხება უკრაინას, - ლატვია უკრაინის ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენ ვიხდით მთლიანი შიდა პროდუქტის 0.7 პროცენტს უკრაინის დასახმარებლად, ესტონეთთან, პოლონეტთან და ლიეტუვასთან ერთად. ეს საკმაო მხარდაჭერაა. უკრაინამ ეს ომი უნდა მოიგოს," - აცხადებს ლევიტსი.

დღის ამბები