20 აპრილი 2024,   01:59
ვრცლად
სუს-მა დუშეთში მოქალაქის სახლიდან, სავარაუდოდ, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღო

დუშეთის რაიონში მოქალაქის საცხოვრებელ სახლიდან, სავარაუდოდ, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, დუშეთის რაიონში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსო შენობიდან სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის სავარაუდოდ სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღეს.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებზე დანიშნულია ექსპერტიზა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს.

დღის ამბები