27 აპრილი 2024,   05:55
ვრცლად
გაუპატიურება, ბავშვთა პორნოგრაფია, ადამიანებით ვაჭრობა, პროსტიტუცია - ცნობილ მომღერალს R Kelly-ს ბრუკლინის სასამართლომ 30 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ცნობილი ჰიტის - I Believe I Can Fly შემსრულებელი მომღერალი R Kelly, ციხეში მინიმუმ 84 წლის ასაკამდე გაატარებს - მას ბრალი ადამიანების ვაჭრობასა და სექსუალურ ძალადობაში ედება. ბრუკლინის ფედერალურმა სასამართლომ მას 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

54 წლის არტისტს ბრალად ედება, საკუთარი დაცვის თანამშრომლებსა და მენეჯერებთან ერთად ჯგუფის შექმნა, რომელიც არასრულწლოვან გოგოებს პროსტიტუციას აიძულებდა.

ამასთან ერთად, მომღერალს ბრალად ედება ყალბი დოკუმენტების დამზადება, რეკეტი, ქალებისა და მოზარდების გაუპატიურებები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა. სასამართლომ ასევე, ჯარიმის სახით, მომღერალს 100 ათასი აშშ დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

R Kelly (ნამდვილი სახელი - რობერტ სილვესტრ კელლი), R&B-ის სტილის შემსრულებელი და 1996 წლის ცნობილი ჰიტის I Believe I Can Fly შემსრულებელი, საპატიმროში 2019 წლის ივლისიდან იმყოფება.

ბრალის წაყენების შემდეგ, მას, სავარაუდოდ ბრუკლინიდან ჩიკაგოში გადაიყვანენ, სადაც აგვისტოში მომღერლის მიმართ წარდგენილი ბრალის - ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე, მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.

არტისტის ადვოკატის განცხადებით, რობერტ კელლი ბავშვობაში თავად იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, რაც შემდგომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჰიპერსექსუალობაში გამოიხატა, რომელსაც ბრალდებული ვერ აკონტროლებდა. ადვოკატმა სასამართლოს მიმართა, R Kelly-ს 10 წელიწადზე მეტი სასჯელი არ მიუსაჯონ.

თავის მხრივ პროკურორები მოითხოვდნენ, რომ 54 წლის კელლის საპატიმროში 25 წელზე ნაკლები არ გაეტარებინა, ვინაიდან ის საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, მან საკუთარი ცნობადობა მსხვერპლთა მოზიდვისთვის და საკუთარი სექსუალური მტაცებლური სურვილებისთვის გამოიყენა.

ბრალდებულის ადვოკატმა ჯენიფერ ბნოჟანმა, კელლის საქმე, სექტემბერში გამართული სასამართლო მოსმენების შემდეგ აიღო.

როგორც ადვოკატი ამტკიცებდა, მომღერალი სიღარიბეში გაიზარდა, ბავშვობაში კი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო მისი დისა და სახლის პატრონის მიერ, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ.

უფლებადამცველი ჯენიფერ ბონჟანი განმარტავდა, რომ მომღერლის IQ მხოლოდ 79-ს შეადგენს, რომ ის ფაქტობრივად გაუნათლებელია და "გრემის" გადაცემის ცერემონიაზეც კი კელლი საშინელ შიშსა და დამცირებას გრძნობდა, ვინაიდან ტელესუფლიორში საკუთარი სიტყვის წაკითხვა ვერ შეძლო.

 

დღის ამბები