მოძრაობის "შინ ევროპისკენ" თელავში დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ისტორიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. რიგითმა მოქალაქეებმა, მათ შორის საკრებულოს წევრებმა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა მუზეუმის ჭიშკართან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და მოძრაობის წარმომადგენლებს შესვლის საშუალება არ მისცეს. მათი განცხადებით, პროტესტის მიზეზი მათი იდეოლოგის, ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეფეზე გაკეთებული დამამცირებელი განცხადებაა, რითიც ბერძენიშვილმა ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა.
აქციის მონაწილეების განმარტებით, მოძრაობის წევრებს შეხვედრაზე არა ევროპულ ღირებულებებზე, არამედ ხელისუფლების შეცვლაზე უნდა ელაპარაკათ და არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინათ ახალგაზრდებისთვის. მოგვიანებით სახალხო მოძრაობის წევრებმა მუზეუმიდან რამდენიმე ასეულ მეტრში გადაინაცვლეს.