15 ნოემბერი 2024,   12:20
ვრცლად
რუსთავის მერი საკრებულოს უმრავლესობას ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

რუსთავის მერი საკრებულოს უმრავლესობას ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ნინო ლაცაბიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" და პარტია "საქართველოსთვის" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას აფერხებენ.

მაგალითად მოიყვანა კონკრეტული საინვესტიციო პროექტი, რომელიც საკრებულოს 1 თვეა გაჩერებული აქვს და რომლის ღირებულებაც 60 მილიონი ლარია.

"ის, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთი მიზანი ქვეყნის განვითარების შეფერხების გზით საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებაა, ეს დიდი ხანი უკვე ყველამ კარგად ვიცით.

მინდა მივმართო რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელია. მას, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს, რეგლამენტით აქვს დისკრეციული უფლებამოსილება მოიწვიოს რიგგარეშე ბიურო ან შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე საკითხები განსახილველად დააყენოს პირდაპირ საკრებულოს სხდომაზე. მისი ეს პასიური პოზიცია, რომელსაც მთელი ქალაქი ვხედავთ ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე აღიქმება როგორც ქალაქის ღალატი.

ჩვენ, მთელი გუნდი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსთავის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფ ოპოზიციურ ტანდემს, სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები და პოლიტიკურ ამბიციებზე მაღლა, რუსთაველების ინტერესები დააყენონ," - ამბობს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

დღის ამბები