05 ოქტომბერი 2022,   22:37
ვრცლად
მხოლოდ რუსების სრულად გასვლა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან და უკრაინის კონტროლის აღდგენა იქნება გარანტია, ევროპაში ბირთვული უსაფრთხოების აღდგენისთვის - ზელენსკი

მხოლოდ რუსების სრულად გასვლა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან და მასზე უკრაინის კონტროლის აღდგენა იქნება გარანტია, ევროპაში ბირთვული უსაფრთხოების აღდგენისთვის, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის, რაც ახლა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ხდება, ტერორისტული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულია. ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის წევრებსა და სამხედროებს მოუწოდა, არ გაასაჯაროონ უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმები.

"რუსეთმა კიდევ ერთხელ გახვრიტა ტერორიზმის მსოფლიო ისტორიის ფსკერი. ჯერ არავის და არასდროს გამოუყენებია ატომური ელექტროსადგური, რათა ასე ღიად დაემუქროს მსოფლიოს და წამოაყენოს პირობები. მსოფლიოში აბსოლუტურად ყველას უნდა ჰქონდეს რეაქცია, რომ ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გააძევონ. ეს გლობალურ ინტერესებშია და მხოლოდ უკრაინის მოთხოვნილებას არ წარმოადგენს. მხოლოდ რუსების სრულად გასვლა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან და მასზე უკრაინელების კონტროლის აღდგენა შექმნის გარანტიას, ევროპაში ბირთვული უსაფრთხოების აღდგენისთვის.

მინდა, დღეს აღვნიშნო მნიშვნელოვანი საკითხი სახელმწიფო თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, სამხედროებისა და სხვა პირთათვის, ვინც კომენტარს აკეთებს ფრონტზე შექმნილი სიტუაციაზე, მეთაურთა თავდაცვით გეგმაზე, კონკრეტული ოპერაციების მომზადებაზე. ზოგადი წესი მარტივია – ახლა ნამდვილად არ არის პატივმოყვარეობისა და ხმამაღალი საუბრების დრო. რაც ნაკლებ დეტალს გაამხელთ ჩვენი თავდაცვითი გეგმების შესახებ, მით უკეთესი იქნება ამ გეგმების რეალიზაციისთვის. თუ გნებავთ ხმამაღალი სათაურებით გამოჩნდეთ, ეს სხვა საქმეა და გულწრფელად უპასუხისმგებლობაა. თუ თქვენ უკრაინის გამარჯვება გსურთ. ეს სულ სხვა საქმეა და თქვენ უნდა გრძნობდეთ პასუხისმგებლობას ყველა ნათქვამ სიტყვაზე, რაც ეხება ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვით თუ კონტრშეტევით გეგმებს," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები