ოპოზიციურ ფლანგზე ვითარება კიდევ უფრო იძაბება. პოლიტიკური დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „კოალიცია ცვლილების“ წევრებს შორის ღია თავდასხმებში გადაიზარდა.
„სინდისის დემენცია“, „ტყუილები და უსინდისობა“, - მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ურთიერთბრალდებების შემდეგ, რომლებმაც ერთმანეთი მოსყიდვასა და გარიგებებში დაადანაშაულეს, პარტია „ახალის“ ლიდერი აცხადებს, რომ სააკაშვილმა წითელი ხაზები გადაკვეთა და პატიმრობა უსასრულო ინდულგენცია არ არის.
გვარამიას შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თვითგანადგურების რეჟიმშია.
"ისეთი წითელი ხაზები გადაკვეთა სააკაშვილმა, რომ შეუძლებელი იყო, პასუხი არ გამეცა. სინდისის დემენცია ნიშნავს, რომ ადამიანის სინდისს კარგავს ჩემი აზრით და კი, სააკაშვილის ეს წერილები არის ტყუილები და უსინდისობები. საერთოდაც არ არის ასეთი უსასრულო ინდულგენცია პატიმრობა. სააკაშვილს ჩვევაში გადაუჯდა ოპოზიციას ასხას, უკაცრავად და, თავისი საკნიდან. როგორც წესი, თვითონ არის ყველა გარჩევის ინიციატორი. ტექტონიკური რღვევები სადმე თუ იქნება, ეს "ნაციონალური მოძრაობაა". რამდენჯერ დაიშალა და კიდევ რამდენჯერ მოუწევს თვითონ სააკაშვილი ნახავს, იმიტომ, რომ ამას თვითონ შვრება. "ნაციონალური მოძრაობა" იმ გზით, რომლითაც მიდის, მე არ ვიცი... ამას თვითგანადგურების რეჟიმის ჩართვა ჰქვია ჩემთვის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.