კახეთის პოლიციამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1969 წელს დაბადებული ერთი პირი
უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მ.ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელ მამაკაცს - 1975 წელს დაბადებულ ლ.ი.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,"-ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.