რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საფრანგეთში, სოფელ ტაიზეში ქრისტიანული ეკუმენური თემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი შეიქმნა მშვიდობის დასამყარებლად და მიმდინარე წელს, უკრაინაში კრემლის ომის ფონზე, ევროკავშირმა უნდა აღასრულოს მისი დამფუძნებლების მისწრაფებები, იტვირთოს ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენის მისია.ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, როგორც უკრაინელები, ისე სხვა ხალხები ევროკავშირის მახლობლად აცხადებენ, რომ მათ უნდათ ცვლილებები და თავიანთ მომავალს ევროკავშირში ხედავენ.
"რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება. ასე რომ, დღეს მშვიდობისთვის დგომა ნიშნავს უკრაინელ ხალხთან დგომას. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი დემოკრატიისთვის, თვითგამორკვევისთვის, ადამიანის ღირსების პატივისცემისთვის. უკრაინელები იბრძვიან გადარჩენისთვის, მაგრამ ასევე ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ბოროტება არ იტყვის საბოლოო სიტყვას უკრაინაში. ჩვენი მეზობლები – უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ – გვეუბნებიან, რომ მათ სურთ ცვლილება. მათ უნდათ მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება, მეტი პერსპექტივა. ერთი სიტყვით, მათ უნდათ მეტი ევროპა. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი კავშირი უნდა იყოს ყველა ევროპული ქვეყნის სახლი, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს. ჩვენი ევროპული ღირებულებების ოჯახი აყვავდება და კარგ ურთიერთობაში იქნება მეზობლებთან. მხოლოდ ასე შეგვიძლია, მოვახდინოთ ჩვენი დამფუძნებლების მისწრაფების რეალიზება მშვიდობისა და შერიგებისკენ," - აცხადებს ფონ დერ ლაიენი.