რუსული აგრესიის 186-ე დღე და აქტიური საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში. კრემლი ბირთვულ შანტაჟს აგრძელებს და ზაპოროჟიეზე შეტევას არ წყვეტს. აფეთქებების ხმა არ წყდება ქვეყნის აღმოსავლეთით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებების შეზღუდვის მიზნით, მტერმა სუმის რეგიონი დაბომბა. გრძელდება შეტევები ხარკოვის მიმართულებითაც.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის საოკუპაციო ძალებს 46 750 ჯარისკაცით და 1942 ტანკით ნაკლები ჰყავს. რუსეთს დანაკარგებთან დაკავშირებით დღეს განცხადება არ გაუვრცელებია. ასევე, უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, ომის დაწყებამდე არსებულ მონაცემებთან შედარებით რუსეთს რაკეტების მხოლოდ 45% აქვს დარჩენილი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ტრადიციულ მიმართვაში უკრაინის ავიაციის შესახებ ისაუბრა. როგორც ზელენსკი ამბობს, რუსეთს ჰქონდა იმედი, რომ ომის დაწყებიდან პირველივე საათებში გაანადგურებდა უკრაინის ავიაციას, თუმცა უკრაინამ შეინარჩუნა საჰაერო ძალები.
"რუსეთში იმედოვნებდნენ, რომ ჩვენს ავიაციას სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე საათებში გაანადგურებდნენ. მტერს ასეთი გიჟური მიზანი ჰქონდა. უკრაინის საჰაერო ძალები შენარჩუნებულია და შემოჭრის პირველივე დღიდან ისინი საბრძოლო მისიებს ასრულებენ. მინდა ყველა პილოტს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმისთვის. სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების შესახებ კიდევ ერთი დადგენილება იქნება, რომელიც უკრაინის მეგობრებისა და პარტნიორებისთვისაა, ეს იქნება ჯილდო ჩვენი დახმარებისთვის თავისუფლებისა და სიცოცხლისთვის ბრძოლაში.
მათ, ვისი წვლილიც მართლაც მნიშვნელოვანია. მსოფლიოში თავისუფლებისთვის ბრძოლა არ შეიძლება, იყოს მხოლოდ ერთეული ადამიანების ან ცალკეული ქვეყნების ბრძოლა. ეს არის ერთობლივი საქმე, საერთო შედეგი, რომლის მიღწევაც შესაძლებელია ყველას ძალისხმევისა და სოლიდარობის წყალობით, ვინც აფასებს თავისუფლებას და ვინც არ მოითმენს ტირანიას. თავისუფლება ყოველთვის იმარჯვებს," - განაცხადა ზელენსკიმ.
ომის 186-ე დღე უკრაინაში ისევ აფეთქებების და დაბომბვების ფონზე გათენდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით ისევ დაიბომბა ზაპოროჟიეს ოლქი, სადაც 2 ადამიანია დაშავებული, ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს საცხოვრებელ კორპუსებზე და განადგურებულია 5 მათგანი. ასევე, ოკუპანტებისთვის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ისევ რჩება ქალაქი ხარკოვი და ღამის განმავლობაში არაერთხელ დაიბომბა როგორც ქალაქი, ასევე ოლქის რამდენიმე დასახლება.
ამასთან ერთად, უკრაინული მედიის ინფორმაციით დაიბომბა სუმის ოლქი, ასევე დნეპროპეტროვსკის ოლქი, ქალაქ სლავიანსკში კი რუსებმა ისევ საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს იერიში.
"თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებების შეზღუდვის მიზნით, მტერმა სუმის რეგიონი დაბომბა. გრძელდება შეტევები ხარკოვის მიმართულებით. მტერი ცდილობდა თავდასხმებით, პოზიციები გაიუმჯობესოს დოვგენკესა და ბოგოროდიჩნეს დასახლებებში, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და მათ უკან დაიხიეს. რუსები კვლავ განაგრძობენ ზაპოროჟიეს რამდენიმე რეგიონის დაბომბვას. შავი და აზოვის ზღვების რაიონებში ვითარებას მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდია. უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების წინააღმდეგ კვლავ არსებობს მტრის მიერ კალიბრის ტიპის, საზღვაო საკრუიზო რაკეტების გამოყენების საფრთხე," - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელი, ოლექსანდრ სტუპუნი.
პარალელურად, უკრაინელი სამხედროები ოკუპირებულ ტერიტორიებზე განაგრძობენ კონტრ-შეტევებს. გენშტაბის ინფორმაციით გუშინ ღამით დაიბომბა ხერსონის ოლქის რაიონში მდებარე რუსეთის ბაზა, ასევე, ოკუპირებულ მელიტოპოლში უკრაინის ჯარმა გაანადგურა რუსული სამხედრო ბაზა.