ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში, სტიქიის ზონაში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. ბორჯომის ხეობაში, ქვაბისხევის ტერიტორიაზე დაკვამლიანებამ იმატა. ცეცხლი კვლავ ნახანძრალ ზონაში გაჩნდა. სტიქიის ზონაში ცოცხალ ძალასთან ერთად, მუშაობას განაგრძობს ავიაცია.
აღსანიშანვია, რომ დღის განმავლობაში საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები არსებობდა. გუბერნატორი დილიდან აცხადებდა, რომ ხანძრის ქრობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზე იყო.
"ხანძარსალიკვიდაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისთვის ღია კერა არ გვაქვს. თითქმის ყველა კერა ლიკვიდირებულია, რჩება რამდენიმე დაკვამლიანების მონაკვეთი, სადაც მუშაობს ავიაცია, ასევე ჩვენი მეხანძრე მაშველები და ვფიქრობთ, რომ დღის ბოლომდე ეს მონაკვეთებიც უნდა იყოს აბსოლუტურად ლიკვიდირებული. ამ 10 დღის განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული, 4 სამინისტრო იყო ჩართული ხანძრის ქრობის პროცესში. ეს იყო კოორდინაციის ძალიან კარგი მაგალითი, რამაც მოგვცა ის შედეგი რომ ასეთ გვალვიან პერიოდში, წიწვოვან ტყეში მოხდა ხანძრის ჩაქრობა," - განაცხადა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა.
უკვე მეათე დღეა სამაშველო ოპერაცია უწყვეტად მიმდინარეობს.