05 მაისი 2024,   07:08
ვრცლად
რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინას სხვადასხვა ტიპის სარაკეტო სისტემით უტევენ - როგორი ვითარებაა ზაპოროჟიეში

ოკუპანტებმა უგლედარში, საცხოვრებელ ზონაში ჭურვები ჩამოაგდეს. შედეგად განადგურებულია ბავშვთა გასართობი სივრცე, დაიწვა რამდენიმე საცხოვრებელი ბინა და ავტომობილი. მძიმედ დაშავდა ორი მშვიდობიანი.

ორი ფრთოსანი რაკეტა აფეთქდა სლავიანსკში. სამიზნე აქაც არა სამხედრო ობიექტები, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა. განადგურებულია საჯარო სკოლის შენობა და საცხოვრებელი კორპუსი. სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ნანგრევების ქვეშ ათეულობით ადამიანია.

მტერი აგრძელებს ძალისხმევის ფოკუსირებას დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე სრული კონტროლის დასამყარებლად. ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე 7-ზე მეტი სარაკეტო და 25 საჰაერო დარტყმა განახორციელა ძირითადად სამოქალაქო ობიექტებზე.

ქვეყნის სამხრეთ ნაწილში უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლებას. გენშტაბის ინფორმაციით, საუბარია რამდენიმე დასახლებაზე, მაგრამ უსაფრთხოებიდან გამომდინარე მეტი დეტალი ამ ეტაპზე არ ზუსტდება.

ცნობილია ის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის ფარგლებში ჩამოგდებულია რუსული მოიერიშე "სუ-25". ასევე, ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" იუწყება 83 ოკუპანტის, 5 ტანკის, 12 ჰაუბიცის, და საბრძოლო მასალის 3 საცავი განადგურების შესახებ.

მსოფლიო ყურადღების ცენტრშია კვლავ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. სტრატეგიული ობიექტის დემილიტარიზაციას ითხოვს გაეროს გენერალური მდივანი. უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ანტონიო გუტიერეშმა უსაფრთხო ზონის შექმნა მოითხოვა, რაც რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანას გულისხმობს.

ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, კრემლზე მსოფლიო ზეწოლა უნდა გაიზარდოს. ამას ვოლოდიმირ ზელენსკი ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო უსაფრთხოების იგნორირებისთვის ფასი რუსეთის რიგითმა მოქალაქეებმაც უნდა გადაიხადონ.

რუსული აგრესიის შედეგად, ამ დროისთვის იზრდება მსხვერპლი არასრულწლოვნებში. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე, საოკუპაციო ძალის აგრესიას 383 ბავშვი ემსხვერპლა. 500-ზე მეტმა სხეულის უმძიმესი დაზიანება მიიღო.

დღის ამბები