02 მაისი 2024,   09:06
ვრცლად
ომის 202-ე დღეს რუსეთი მეზობელი ქვეყნის დაბომბვას, უკრაინა კი ტერიტორიების დასაბრუნებლად კონტრშეტევას განაგრძობს - ბოლო ცნობები ფრონტის ხაზიდან

უკრაინელ სამხედროებს დეოკუპაციიდან რამდენიმე საათში ხარკოვის ოლქში ბუჩის მსგავსი სიტუაცია დახვდათ. ერთ-ერთ დასახლებაში ნაწამები 4 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. კიდევ ერთი სოფლის მოსახლეობამ კი უკრაინელ სამხედროებს თავად მიაწოდა ინფორმაცია დასახიჩრებული და შემდეგ დახვრეტილი ადამიანების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, დაღუპულები თავად ადგილობრივებმა, ერთ-ერთი სახლის ეზოში ჩუმად დაკრძალეს.

რამდენიმეთვიანი ოკუპაციის შემდეგ ხარკოვის ოლქის მოსახლეობის ოცნება ახდა, მათი სოფლები და ქალაქები რუსმა სამხედროებმა უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის შედეგად დატოვეს. ადგილობრივები ასე ხვდებიან თავიანთ არმიას და ახლა რუსულ დროშებს ჯარისკაცებთან ერთად წვავენ.

რუსეთის არმია ხარკოვის ოლქს ტოვებს, მაგრამ კრემლი ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ისევ იტოვებს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს. ხარკოვში ბოლო სარაკეტო თავდასხმას ისევ მსხვერპლი მოჰყვა. არიან დაშავებულები.

ომის 202-ე დღეს რუსეთი მეზობელი ქვეყნის დაბომბვას, უკრაინა კი ტერიტორიების დასაბრუნებლად კონტრშეტევას განაგრძობს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, შეიარაღებულ ძალებს ისევ აქვთ წინსვლა ხერსონის ოლქში. დეოკუპირებულია დონეცკის რეგიონის ქალაქი სვეტოგორსკი, რომელსაც რუსი სამხედროები ივნისიდან აკონტროლებდნენ. ბრძოლები გრძელდება ლუგანსკის ოლქშიც.

სწორედ დაბრუნებულ ტერიტორიებზე ისაუბრა ტრადიციულ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზეც გაამახვილა ყურადღება.

უკრაინის ჯარის წინსვლის პარალელურად, ოკუპანტები მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელ სახლებს ისევ ესვრიან. ერთ-ერთ ასეთ თავდასხმას დონეცკის ოლქში 5 ადამიანი შეეწირა, 9 კი მძიმედ დაიჭრა. რუსმა სამხედროებმა იერიში სამოქალაქო ობიექტებზე მიიტანეს სუმის ოლქშიც, დანგრეულია შენობები. აფეთქების ხმა ისმოდა ნიკოპოლშიც, სადაც უკრაინული მედიის ინფორმაციით, აგრესორებმა კასეტური ბომბები გამოიყენეს.

დღის ამბები