ვიდრე უელსის პრინცესა გახდებოდა, დაიანა სპენსერი ძიძად მუშაობდა. 18 წლის გოგო ორი ბავშვის აღსაზრდელად 1980 წელს რობერტსონების ოჯახმა დაიქირავა, დაიანა მათთან კვირაში 3 დღე, დანარჩენ დროს კი საბავშვო ბაღში, აღმზრდელის დამხმარედ მუშაობდა.
მერი რობერტსონი იხსენებს, რომ დაიანა მორცხვი და მიამიტი თინეიჯერი იყო, რომელიც ბავშვებთან ყოველთვის დიდი სიამოვნებით თამაშობდა. მისი ანაზღაურება საათში 5 დოლარის ეკვივალენტი იყო. დაიანა რეცხავდა სარეცხს და ჭურჭელს, ალაგებდა ბავშვების სათამაშოებს.
რობერტსონის თქმით, თავდაპირველად დაიანას არისტოკრატული წარმომავლობის შესახებ არაფერი იცოდა. ასევე, მოგვიანებით არაფერი ცოდნია იმის შესახებ, რომ მისი ბავშვების ძიძა გაერთიანებული სამეფოს მომავალ მეფეს ჩარლზს ხვდებოდა. მერიმ დაიანას შესახებ პაპარაცი ფოტოგრაფებისგან შეიტყო, რომლებიც ძიძას მათ სახლთან დახვდნენ.
მას შემდეგაც კი, რაც დაიანას პირადი ცხოვრება საზოგადოების განსჯის საგანი გახდა, რობერტსონი ამბობს, რომ გოგონა კვლავ ისეთივე სანდო და მოსიყვარულე ადამიანად რჩებოდა, როგორიც ყოველთვის იყო.
დაიანა სპენსერმა რობერტსონების ოჯახში მუშაობა მაშინ შეწყვიტა, როდესაც საცხოვრებლად ბუკინგემის სასახლეში გადავიდა, თუმცა, როგორც მერი რობერტსონი ამბობს, მათთან ახლო ურთიერთობა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა.