ამ წუთებში ლარსის სასაზღვრო გამშვებ-პუნქტთან აქცია პერფორმანსი იწყება. ადგილზე "დროას" ლიდერები და აქტივისტები იკრიბებიან, რომლებიც მოითხოვენ, რომ დაწესდეს შეზღუდვა რუსეთის მოქალაქეების გადმოსვლაზე. თუმცა "დროას" წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს პოლიცია ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან აქციის ჩატარების უფლებას არ აძლევს. ადგილზე მობილიზებული პოლიციის გადაწყვეტილებით, მათ გვირაბში გასვლისა და ლარსამდე მისვლის საშუალება არ აქვთ.
როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახა ბუხრაძემ "დროას" წარმომადგენლებსა და აქტივისტებს განუცხადა, ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოსკენ რთული მოძრაობაა და იმისთვის, რომ არ შეიქმნას კოლაფსი, ასევე აქციის მონაწილეების უსაფრთხოება იყოს დაცული, პოლიცია მათ ლარისის სასაზღვრო პუნქტთან მისვლისა და აქციის ჩატარების უფლებას ვერ მისცემს.
კახა ბუხრაძის თქმით, აქციის ჩატარება შეეძლებათ იმ ადგილას, სადაც ახლა იმყოფებიან - გველეთში.
თავის მხრივ, აქციის მონაწილეების თქმით, აქციის მიზანია, ის პლაკატები, რაც მათ აქვთ წარმოდგენილი, ნახონ რუსეთის იმ მოქალაქეებმა, რომლებიც საქართველოში შემოდიან. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ პოლიციის მოთხოვნა კანონიერი არ არის.
"ის მოთხოვნა რასაც პოლიცია ჩვენ გვიყენებს, არის აბსოლუტურად უკანონო. ჩვენ კანონი გვავალდებულებს დავემორჩილოთ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას. ეს ჩანაწერი არსებობს იმიტომ რომ პოლიციელის ყველა მოთხოვნა კანონიერი არ არის. მათი მოთხოვნა არის რომ შეგვეზღუდოს გადაადგილების უფლება და არ მივიდეთ სასაზღვრო გამშვებ-პუნქტამდე, მიზეზს ბუნებრივია რომ არ ასახელებენ.
ჩვენ დავდგებით სავალი ნაწილის პირას, გავშლით ბანერებს და რუსეთის თითოეულ მოქალაქეს, რომელიც შემოვა საქართველოს ტერიტორიაზე, ვეტყვით რომ ისინი არ არიან სასურველი სტუმრები ამ ქვეყანაში," - განაცხადა პარტია "დროას" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიგა ლემონჯავამ.
აღსანიშნავია, რომ გამშვებ-პუნქტთან კი ისევ რუსეთის მოქალაქეების სიმრავლეა. საზღვარს კვეთენ, როგორც მობილიზაციას გამოქცეული მამაკაცები, ასევე ქალები და ბავშვები. მოქალაქეები მოდიან ყველა საშუალებით, რითიც შეუძლიათ, ავტომანქანებით, ფეხით, ველოსიპედებით. დიდია ასევე იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც უკან რუსეთის მხარეს ბრუნდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთიდან საქართველოს ყველა გამშვებ პუნქტზე 53 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა- ქვეყანა კი 35 ათასამდე პირმა დატოვა.