27 აპრილი 2024,   01:35
ვრცლად
ჯარი, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური - ახალი წლიდან, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს ხელფასი 20 %-ით გაეზრდებათ

ჯარი, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური - ახალი წლიდან, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს ხელფასი 20 პროცენტით გაეზრდებათ. შრომის ანაზღაურება 10 პროცენტით ეზრდებათ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს. გაზრდილ ხელფასს მიიღებს საბავშვო ბაღებისა და სკოლების პერსონალიც. მთავრობის გადაწყვეტილებით, იზრდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური შემწეობაც. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბიუჯეტი პროპორციულად, უწყების ყველა მიმართულების განვითარებას და გაძლიერებას მოემსახურება.
ხელფასები იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვისაც. გაზრდილი ანაზღაურების, პოლიციის შენობებისა და ბაზების მშენებლობის გარდა, მთავრობა დამატებით სამი ვერტმფრენის ყიდვას გეგმავს, ასევე გათვალისწინებულია 27 მილიონ 700 ათასი ლარი, უწყებისთვის ახალი სახანძრო მანქანების შესაძენად.

770 მილიონი ლარით იზრდება ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსებაც. იანვრიდან, მაღალმთიან დასახლებებში 70 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეთა პენსია 440, სხვა რაიონებში კი 365 ლარი გახდება.

მთავრობის გადაწყვეტილებაში ექსპერტები გაზრდილი ეკონომიკის როლს ხედავენ. სპეციალისტების განცხადებით, აგვისტოს თვეშიც საქართველოს ეკონომიკური ზრდა 10, 5 მეათედი პროცენტია. ვარაუდობენ რომ ეს მაჩვენებლები 2022 წლის დარჩენილ თვეებშიც შენარჩუნდება.

ამ პროცესების პარალელურად, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტზე მუშაობენ. ცვლილებების მიხედვით მცირდება საგარეო ვალი, დეფიციტი და გარკვეულ უწყებებს დამატებითი თანხების მობილიზების შესაძლებლობა ეძლევათ.

დღის ამბები