საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კერძო სექტორთან ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა. ასოციაციის ორგანიზებით გამართულ ფორუმზე, ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოში არსებული მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, 2021-22 წლების განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებაც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ დღეს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ნდობა უმაღლეს ნიშნულზეა.
რამდენიმესაათიან შეხვედრაზე პრემიერთან, ასოაციაციის წევრებმა ბიზნესკლიმატისა და ეკონომიკური პარამეტრების შესახებაც ისაუბრეს. კერძო სექტორში ფიქრობენ, რომ პოსტპანდემიური გამოწვევებისა და რეგიონში ომის ფონზე, ქვეყანა მაღალ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მოსახლეობაზე დადებითად აისახება.
პრემიერმა დღეს მიღწევებთან ერთად, გამოწვევებზე და მის გადაჭრის გზებზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ინფლაცია ევროკავშირის მსგავსად, საქართველოსთვისაც პრობლემაა, თუმცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით ინფლაციურ წნეხს აბალანსებს.
კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი - ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომელიც ბიზნესსექტორმა დღეს პრემიერ-მინისტრთან საუბრის დროს დაასახელა. ასოციაციიაში ამბობენ, რომ მიმდინარე წელი დასაქმების ინდექსის კუთხით უპრეცენდენტოდ მაღალია, თუმცა ქვეყანაში კადრების სიმცირე პრობლემად რჩება.
პრობლემის გადაჭრას პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ახალი ცენტრების შექმნაში ხედავს მთავრობის მეთაური. პრემიერმა დღეს საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის გაფართოებაც დააანონსა.
ბიზნესასოციაციასთან პრემიერ-მინისტრის რამდენიმესაათიან შეხვედრას, მთავრობის ეკონომიკური გუნდის ოთხივე მინისტრი დაესწრო.