USAID-ის მისიას ახალი დირექტორი ჰყავს. ჯონ პენელი დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს როგორც სხვადასხვა სფეროში პარტნიორობაზე და სამომავლო თანამშრომლობაზე, ასევე მიმდინარე პროექტებზე, მათ შორისაა ეკონომიკური ზრდა, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, საბაზისო და პროფესიული განათლება, ინდუსტრიაზე ორიენტირებული უნარების განვითარება, დემოკრატია და მმართველობა.
შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა.
"დღეს გვქონდა კარგი შესაძლებლობა პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგვეცნო USAID-ის მისიის ახალი დირექტორი, განვიხილეთ ჩვენი საერთო თანამშრომლობის მიმართულებები. ჩვენი თანამშრომლობა პარლამენტთან მნიშვნელოვანია, მათ შორის იმისთვის, რომ გაიზარდოს მათი ზედამხედველობა.
აღსანიშნავია, რომ ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარე გახდებოდა, ბატონი პაპუაშვილი სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციაში მუშაობდა, ჩვენ განვიხილეთ, თუ რამდენად დიდი როლი აქვს სამოქალაქო სექტორს.
აქვე მსურს ავღნიშნო, რომ ჩემთვის მოულოდნელი იყო ის თავდასხმები, რომელიც სამოქალაქო სექტორის მისამართით განხორციელდა. რადგან პარლამენტის ბევრი წევრი მანამდე სწორედ სამოქალაქო სექტორში მუშაობდა. შესაბამისად, მათ იციან, თუ რა მნიშველობა აქვს სამოქალაქო საზოგადოებას ქვეყნის განვითარებისთვის, მათ იციან, თუ რამდენად კრიტიკულ როლს ასრულებს დემოკრატიის განვითარებაში, მისი როლია დაიცვას მოქალაქეების ინტერესი,"- განაცხადა კელი დეგნანმა.